პაატა იმნაძე - ჩვენ რომ მარტო ტესტების იმედზე ვიყოთ, გვეპარებოდეს ბევრი პაციენტი, დღეს საქართველოს საავადმყოფოები ვერ დაიტევდნენ პნევმონიან ავადმყოფებს
ჩვენ რომ მარტო ტესტების იმედზე ვიყოთ ამ ქვეყანაში და ბევრი პაციენტი რომ გვეპარებოდეს, დღეს საავადმყოფოები უკვე სავსე იქნებოდა ავადმყოფებით, საქართველოს საავადმყოფოები ვერ დაიტევდნენ პნევმონიან ავადმყოფებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„ანა-ბანაა, ვინც ოდნავ მაინც ერკვევა მედიცინაში, ოქროს სტანდარტი არის ყველაზე უკეთესი, რაც კი არსებობს ამ შემთხვევაში. დიახ, არსებობს ჩვეულებრივი „პისიარ“ ტესტები, თუ მასალა კარგად არის აღებული, თუ ის მოხვდა იმ ადგილას, სადაც ნაცხი იყო აღებული ცხვირ-ხახიდან, ამ შემთხვევაში მისი მგრძნობელობა არის ძალიან მაღალი. ზოგიერთი ქვეყნის კლინიკური გამოცდილებით აღმოჩნდა, რომ არ არის ასეთი ძალიან მაღალი ტესტირება „პისიარ“ ტესტითაც კი, ლაპარაკია აშშ-ის გამოცდილებაზე. არამგონია შეერთებულ შტატებში ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციამ დაუშვა უხარისხო ტესტების გამოყენება, მაგრამ ეს არის იგივე ჩვენი ამერიკელი კოლეგების მიერ მოწოდებული მონაცემები. ჩვენ რომ მარტო ტესტების იმედზე ვიყოთ ამ ქვეყანაში და ჩვენ რომ გვეპარებოდეს ბევრი პაციენტი, დღეს საქართველოს საავადმყოფოები უკვე სავსე იქნებოდა ავადმყოფებით, საქართველოს საავადმყოფოები ვერ დაიტევდნენ პნევმონიან ავადმყოფებს“,- განაცხადა იმნაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში ე.წ. სენტინელური ზედამხედველობა მუდმივად ტარდება გრიპის მაგვარი დაავადებებისთვის და ეს იტესტება ზამთრიდან მოყოლებული 22 სხვადსხვა ვირუსზე, მათ შორის გრიპის ვირუსზე, კორონავირუსებზე და როგორც იმნაძე ამბობს, არც ერთ ამ ადგილებში კორონავირუსი არ გამოჩენილა.
„ზოგიერთმა შეიძლება არ იცის, მაგრამ ვინც იცის, იმან ხომ მაინც უნდა იცოდეს, რომ ჩვენ რამდენიმე თვეა, გვქონდა ქვეყანაში ე.წ. სენტინელური ზედამხედველობა, რომელიც მუდმივად ტარდება ქვეყანაში გრიპის მაგვარი დაავადებებისათვის და რომელიც იტესტება ზამთრიდან მოყოლებული 22 სხვადსხვა ვირუსზე, მათ შორის გრიპის ვირუსზე, მათ შორის კორონავირუსებზე. არცერთ ამ ადგილში კორონავირუსი არ გამოჩენილა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას ემატება კიდევ სხვა ინდიკატორები, რაც შეეხება პნევმონიებს, რაც შეეხება მძიმე, მწვავე რესპირაციულ სინდრომებს. არც ერთი მაჩვენებლით, ქვეყანაში ჩვენ ფართო გავრცელება არ გვაქვს. კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი ბოდიში იმათთან, ვისაც იმედები გავუცრუეთ და ფართომასშტაბიანი ეპიდემია არ გვაქვს“, – განაცხადა იმნაძემ.
ამასთან, იმნაძის განცხადებით, პანდემია ნიშნავს იმას, რომ იქნებიან პაციენტები, რომელთა ინფიცირების წყარო გაურკვეველი იქნება.
„პანდემია იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში დაიწყო შიდა გადაცემა. იმას ნიშნავს, რომ იქნებიან პაციენტები, რომელთა ინფიცირების წყარო ჩვენ არ ვიცით. ასეთი პაციენტები არიან, ასეთი პაციენტები იქნებიან და ცოტა ხანში შეიძლება უფრო მეტიც იყვნენ“,- განაცხადა იმნაძემ.