პაატა იმნაძე - ადვილად მოვძებნით ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც ჩეხ ტურისტს ჰქონდა კონტაქტი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ჩეხმა ტურისტმა, რომელსაც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდა, გამოგზავნა დეტალური ინფორმაციაში საქართველოში მოგზაურობის შესახებ.
იმნაძემ მადლობა გადაუხადა ინფიცირებულ ჩეხ ტურისტს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ მოხდება ყველა იმ ადამიანების მოძიება, ვისთანაც ჩეხეთის მოქალაქეს საქართველოში ჰქონდა კონტაქტი.
„მართლა ძალიან დიდი მადლობა ამ ადამიანს, ისე დეტალურად გამოგვიგზავნა საქართველოში მოძრაობის თავისი ისტორია, თავისი ფოტოსურათებით, რომ ძალიან გაგვიადვილა საქმიანობა და მოძიება იმ ადამიანების, ვინც იყვნენ მასთან ძალიან მჭიდრო, ახლო კონტაქტში და დროის გარკვეული მომენტი.
ასეთებს ყველას მოვნახავთ, ხოლო რაც შეეხება დანარჩენებს, ვინც გუდაურში იყო, ვიცი, რომ ამაზე უკვე დიდი პანიკაა ატეხილი. გუდაურში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანს, იქ ვინმე ჩაეხუტა. ჩვენ მოვნახავთ ყველას, ვინც არის საჭირო, დანარჩენები წყნარად-მშვიდად იყვნენ. თუ ძალიან ნერვიულობენ, თვითიზოლაციაში იყვნენ სახლებში, თუ რაიმე სიმპტომები გამოუმჟღავნდებათ, ამ შემთხვევაში, შეუძლიათ, რა თქმა უნდა, მომართონ სამედიცინო სამსახურებს.
ჩეხები არიან ჩეხეთში. ჩვენ გვაქვს მუდმივი კავშირი, როგორც ამ პიროვნებებთან ჩეხეთში, ასევე შესაბამის კოლეგა სამსახურებთან ჩეხეთში. როდესაც ამ ადამიანმა დარეკა, პირველ რიგში, გადამოწმება მოხდა ოფიციალურად, მარლა არის თუ არა ეს ადამიანი ინფიცირებული. ამის შემდეგ, ყველაფერზე, რაც მან მოგვაწოდა, მიდის მუშაობა. ჩეხეთში მყოფ კონტაქტებზე ინფორმაციას ვიღებთ შესაბამის სამსახურიდან“, – განაცხადა იმნაძემ.
მისივე ინფორმაციით, ჩეხეთის მოქალაქეს სამშობლოში დაბრუნებიდან მეორე დღეს დაუდგინდა კორონავირუსი.
„ჩეხეთის მოქალაქე, სხვათა შორის, თავის ბინაზე იმყოფება და იქ მკურნალობს. როგორც ვიცი, აღმოაჩინა აქ რომ იყო, მაგრამ ჩასვლიდან მეორე დღეს დაუდასტურდა“, – განაცხადა იმნაძემ.