პაატა იმნაძე - 1 000 ექიმიდან 990 როდესაც დაიცავს პროტოკოლს, ეს ნიშნავს, რომ 90 პროცენტით ვართ დაზღვეული
1 000 ექიმიდან 990 როდესაც დაიცავს პროტოკოლს, ეს ნიშნავს, რომ 90 პროცენტით ვართ დაზღვეული, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ.
პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ახალ პროტოკოლზე, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
„არსებობს ასეთი ცნება, ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დამყარებული მედიცინა. ამ მედიცინის საფუძველზე იწერება ხოლმე გაიდლაინები, ამის საფუძველზე იწერება პროტოკოლები. პროტოკოლი იწერება იმისათვის, რომ ბანოჯაში მყოფმა ექიმმა, ზემო მაჩხაანში მყოფმა ექიმმა, ან ჩემი მშობლიური სოფლის, გვიმბალაურის ექიმმა ერთნაირად შეხედოს ერთნაირ საქმეს.
სისტემა თუ არ არის, ისე არაფერი გამოვა. 1 000 ექიმიდან 990 როდესაც დაიცავს პროტოკოლს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დაზღვეული ვართ 90 პროცენტით მაინც. როდესაც ყველა თავის ჭკუაზე აკეთებს რაღაცას, ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემა არ მუშაობს. ეს არის ანაბანა, ვინც ერკვევა, რას ნიშნავს პროტოკოლები, ეპიდემიოლოგია და ასე შემდეგ.
რა თქმა უნდა, ის არ შეიძლება იყოს 100 პროცენტიანი, მით უმეტეს, რომ მედიცინასთან გვაქვს საქმე. ეს ხომ არ არის მათემატიკა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.