პაატა ბურჭულაძე - ცოტა ხანში ალბათ, დადებენ დასკვნას და ეს საქმე დაიხურება
პაატა ბურჭულაძე - ცოტა ხანში ალბათ, დადებენ დასკვნას და ეს საქმე დაიხურება

საქალაქო სასამართლოში საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის გამოკითხვა დასრულდა.

ბურჭულაძის განცხადებით, გამოკითხვამ საკმაოდ კორექტულად და კარგად ჩაიარა.

მისივე თქმით, კმაყოფილია, რომ ეს შეხვედრა შედგა, რადგან პირველ რიგში, ეს ფონდის ინტერესებშია.

„ცოტა ხანში ალბათ დადებენ დასკვნას და ეს საქმე დაიხურება, რადგან ეს არის იმდენად თითიდან გამოწოვილი საქმე, რომ მეუხერხულებოდა კიდეც ზოგიერთ კითხვაზე პასუხის გაცემა. თუმცა ყველა კითხვას გავეცი პასუხი. ბატონი მოსამართლე და გამომძიებელი დარწმუნდნენ, რომ ეს ბრალი უსაფუძვლოა“, – განაცხადა მსოფლიო ბანმა.

პაატა ბურჭულაძემ აბსურდი უწოდა ბრალდებებს, რომ ფონდის მიერ ნაყიდი სახლები საცხოვრებლად უვარგისია. მისივე თქმით, სასამართლოში გამოკითხვისას ეს შეკითხვა არც დასმულა.

„რადგან ყველამ იცოდა იქ, რომ ფონდი არა მარტო თვითონ ირჩევდა სახლს, არამედ იმ ოჯახისა და სოციალური მუშაკის თანხმობით, ასევე გამგეობისა და ჩვენი ფონდის წარმომადგენლების.თავიდან ჩვენ ვუფორმებდით სახლს პირდაპირ ოჯახს გაყიდვის უფლებით. ამას ის მოყვა, რომ პირველმა ოჯახებმა გაყიდეს და ბავშვები დარჩნენ ქუჩაში. ამის შემდეგ შევცვალეთ მიდგომა და 10 წლის ვადით ვუფორმებდით ოჯახს სახლებს, მაგრამ გაყიდვა არ შეეძლო. 10 წელი გავიდა, რამდენიმე ოჯახმა გაყიდა. ახლა ჩვენ პირობაში ასეთი რამე გვაქვს: ოჯახს ეკუთვნის სახლი, ოღონდ სანამ ყველაზე უმცროსი ბავშვი არ გახდება სრულწლოვანი, მას გაყიდვის უფლება არ აქვს და მგონი ეს არის აბსოლუტურად სწორი“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მისი თქმით, ასევე დეზინფორმაციაა ინტერნეტში გავრცელებული ფილმი, სადაც საუბარია, რომ ბავშვებს შემოწირულობების 20 თუ 30 პროცენტი ხმარდებოდა.

„ამაში დარწმუნდა პროკურატურაც, რომ შემოწირულობის 100 პროცენტი იხარჯებოდა და ახლაც იხარჯება ქველმოქმედებაზე“, – აღნიშნა ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელმა.

ბურჭულაძის თქმით, ფონდზე შეტევები მის გამო ხდება და ამას წყალი არ გაუვა.

როგორც პაატა ბურჭულაძემ თქვა, „იავნანა“ არის ერთადერთი ისეთი ორგანიზაცია, რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში.

პაატა ბურჭულაძე აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე დღეში პრესკონფერენციას გამართავს.