პაატა ბაირახტარი - გამოვრიცხავ, გრძელვადიან პერსპექტივაში ლარის გაუფასურება გაგრძელდეს
ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი, რომელიც უცხოური ვალუტის შემოდინებას უკავშირდება, წესრიგშია, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ლარის კურსზე გავლენა თურქეთის ეროვნული ვალუტის დევალვაციამ მოახდინა.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი გრძელვადიან პერსპექტივაში ლარის გაუფასურებას გამორიცხავს.
„თუ ვნახავთ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, ყველა პარამეტრი, რომელიც უცხოური ვალუტის შემოდინებაზე პასუხს აგებს, არის მწყობრში. ბოლო ერთი კვირაა, ლირა მნიშვნელოვნად გაუფასურდა. რა თქმა უნდა, ამას შეუძლია, ლარზე ზეგავლენა და ასეც არის. როდესაც ლირა უფასურდება და ორ დღეში ლარიც უკან მიჰყვება, ეს ცალსახად ფსიქოლოგიურ ფაქტორებზეა დამოკიდებული. აქტიურ ტურისტულ სეზონში შევდივართ და როგორც წესი, უცხოური ვალუტის შემოდინებაც უფრო აქტიურდება, შესაბამისად გამოვრიცხავ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ლარის გაუფასურება გაგრძელდეს“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს პაატა ბაირახტარმა.
საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ ბოლო დღეებში უფასურდება. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 1 აშშ დოლარი 2.73-2.74 ლარი ღირს.