ოზურგეთში ტყის ხანძრის კერებთან მეხანძრეები საცალფეხო ბილიკების მეშვეობით მიდიან [ფოტო]
ოზურგეთში, ვაკიჯვარში, შემოქმედი-გომის საზღვარიდან დაახლოებით 10 კილომეტრში ტყის ხანძარს ცოცხალი ძალის მეშვეობით აქრობენ. რთული რელიეფის გამო, ცეცხლის ჩასაქრობად ტექნიკის გამოყენება ვერ ხერხდება.
როგორც საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მეხანძრეები ხანძრის კერებთან საცალფეხო ბილიკების მეშვეობით მიდიან.
სოფელ ცხემლისხიდთან იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლებისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. სამანქანო გზის არარსებობისა და რთული რელიეფის გამო, ისინი არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას მეხანძრეებისაგან და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან ღებულობენ.
„ამ ეტაპისთვის, მუშაობს 70 მეხანძრე-მაშველი. დამატებითი ცოცხალი ძალა მოვიდა აჭარიდან და სამეგრელოდან. სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. ტექნიკა მიდის იმ მონაკვეთამდე, სადაც უკვე გზა წყდება და კერებამდე ფეხით მიდიან.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების შემოქმედი-გომი-ვაკიჯვარის საზღვარზე, დასახლებული პუნქტიდან 10 კმ დაშორებით ცეცხლი ეკალ-ბარდებს გაუჩნდა. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ქეთევან მოისწრაფიშვილმა.
ოზურგეთის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე აცხადებს, რომ ხანძარი 15 ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და პოლიციაა მობილიზებული.