ოზურგეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები იმართება [ფოტო]
ოზურგეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიებები იმართება, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არაერთ აქტივობას მართავს.
ღონისძიებებს ესწრებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული გურიაში ზურაბ ნასარაია და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
მათ თავდაპირველად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ საქართველოს რეგიონებისთვის დამახასიათებელ კულინარიულ მრავალფეროვნებასა და ტრადიციებს, ხალხური რეწვის ნიმუშებს, ასევე გარემოს დაცვის სფეროში გამორჩეული და წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიულ მონაცემებს.
ღონისძიების ფარგლებში იმართება ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა, ბავშვებისთვის მოწყობილია გასართობი სივრცეები, სადაც სპორტული შეჯიბრებები, მხიარული ვიქტორინები და შემეცნებითი თამაშები ტარდება. საზეიმო ღონისძიებას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ნიკო ფიროსმანის ტილოების მიხედვით გაცოცხლებული პერსონაჟები, ცოცხალი ყვავილებით შექმნილი პანო და ფოტოგადაღების კუთხე – „გახდი ფიროსმანის მაგიდის სტუმარი“.
ღონისძიებას გრანდიოზული კონცერტი დაასრულებს, რომელშიც მაყურებლის წინაშე „ერისიონი“ და ცნობილი ქართველი მომღერლები წარდგებიან.