ოზურგეთში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ბესო ქათამაძის მხარდამჭერი გია ძირკვაძე გაათავისუფლეს
ოზურგეთში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ბესო ქათამაძის მხარდამჭერი გია ძირკვაძე გაათავისუფლეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
როგორც სამხარეო პოლიციიდან გამოსულმა ძირკვაძემ განაცხადა, მასზე სამართალდამცავების მხრიდან არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
ადგილზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მათ შორის ნიკა მელია, რომელმაც აღნიშნა, რომ უნდა დაისაჯოს ბესო ქათამაძეზე თავდამსხმელები და თითოეულმა მათგანმა დატოვოს საკრებულოს მანდატი.
მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ენმ-ის მომხრეები და ქათამაძის ახლობლები პროტესტის უკიდურესი ზომებით იმუქრებიან.
ოზურგეთში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ბესო ქათამაძის მხარდამჭერ გია ძირკვაძის დაკავება გააპროტესტეს და ქათამაძის ცემის ფაქტის სამართლიანი გამოძიება მოითხოვეს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი და გუბერნიის თანამშრომელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. კონფლიქტში პარტიის სხვა წევრები და ქათამაძის მხარდამჭერები ჩაერივნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მხარდამჭერი პოლიციამ დააკავა.
რაც შეეხება ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ბესო ქათამაძეს საქმეს, მას თავის არეში დაზიანება აქვს მიყენებული.
თვითმხილველების ინფორმაციით, ბესო ქათამაძე „ქართული ოცნების“ ფრაქციის წევრებთან ერთად ოთახში იმყოფებოდა, საიდანაც ნაცემი გამოვიდა.
თავად დაზარალებული ამბობს, რომ ფრაქციის წევრებმა მას ანგარიში „ფეისბუქში“ აქტიურობისა და კრიტიკული პოსტების გამოქვეყნების გამო გაუსწორეს და თავში რკინის ნაჭერი ჩაარტყეს.
მომხდარ ფაქტს „ქართული ოცნების“ წევრი, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, გმობს ყველანაირ ძალადობას. ის აცხადებს, რომ სამართალდამცავების მიერ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჭეშმარიტება დადგინდება.
ქათამაძე ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკაში იმყოფება.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.