ოზურგეთში, ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოს, „გურია ექსპრესის“ გაფიცული თანამშრომლები აქციას მართავენ
ოზურგეთში, ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოს, „გურია ექსპრესის“ თანამშრომლები 21-ე დღეა, საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ხელფასების მომატებას, ჯანმრთელობის დაზღვევასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
საწარმოში დასაქმებულები ადმინისტრაციის მხრიდან დამამცირებელ მოპყრობაზე საუბრობენ. ისინი მეგაფონის მეშვეობითა და შეძახილებით მიმართავენ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომ მათთან დიალოგი გამართონ.
„ველოდებოდით კომპანიის დამფუძნებლებს. გვეგონა, მოლაპარაკება შედგებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისინი კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ. მათ დღეს სხვა ქვეყნის მოქალაქეები მოიყვანეს დასაქმების მიზნით, ჩვენ ნაცვლად. არც ერთი ჩვენგანი ამას არ დაუშვებს. საპროტესტო აქციები კვლავაც გაგრძელდება“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გელა ქადეიშვილმა.
ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოს, „გურია ექსპრესის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მედიასთან დღეს კომენტარი არ გაუკეთებიათ.