ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 153-ე სათეატრო სეზონს ახლად რეაბილიტირებულ შენობაში 14 მაისს პრემიერით გახსნის. ინფორმაციას თავად თეატრი ავრცელებს.
წარმოდგენილი იქნება თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვასილ ჩიგოგიძის სპექტაკლი „მონატრება – ნუ გააღვიძებ“ (ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით).
ოზურგეთის თეატრის შენობა 1961 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია საქართველოში. შენობას სრული რეაბილიტაცია საქველმოქმედო ფონდის „ქართუს“ მხარდაჭერით ჩაუტარდა, რაზეც 20 მილიონი ლარი დაიხარჯა.
თეატრში აცხადებენ, რომ შენობა თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს, აღჭურვილია უახლესი სტანდარტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ადაპტირებულია შშმ პირებისთვის; 153-ე სეზონისთვის ოზურგეთის თეატრმა, შვიდი საპრემიერო დადგმა მოამზადა.
თეატრის გახსნას პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, კულტურის მინისტრი, მთავრობის წევრები და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები დაესწრებიან.