ოზურგეთის ახალგახსნილ თეატრში კომედიის - „მთავარი როლი“ საპრემიერო წარმოდგენები გრძელდება
ოზურგეთის ახალგახსნილ თეატრში კომედიის - „მთავარი როლი“ საპრემიერო წარმოდგენები გრძელდება

ოზურგეთის ახლად გახსნილ, რეაბილიტირებულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში საპრემიერო წარმოდგენების ჩვენებები გრძელდება. 23 და 24 მაისს, 18:00 საათზე, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი მაყურებელს თამარ ბართაიას ლირიკული კომედიას – „მთავარი როლი“ შესთავაზებს.

როგორც თეატრის პრესსამსახურში აცხადებენ, დადგმაზე მხატვარმა ლომგულ მურუსიძემ იმუშავა, ხოლო მუსიკალურად გააფორმა ზურა გაგლოშვილმა. სპექტაკლში ხუთი მსახიობი მონაწილეობს: თამარ მდინარაძე, დავით კვერღელიძე, კობა ახალაძე, ანი გოდერძიშვილი და ციცი ბუცხრიკიძე.

„მგონია, რომ ეს სპექტაკლი თავისი მსახიობთა არაჩვეულებრივი გუნდით არ დატოვებს გულგრილს მაყურებელს და ამ სპექტაკლით რაღაც სიახლე შევიტანეთ ოზურგეთის თეატრის რეპერტუარში“ – აცხადებს რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასო ჩიგოგიძე აღნიშნავს, რომ ყველა თეატრს რეპერტუარში უნდა ჰქონდეს კომედია.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, გვეჩვენებინა არა ვოდევილი, არამედ თანამედროვე კომედია, რომელიც უფრო სიტუაციური კომედიაა, ვიდრე ხასიათების. მსახიობებმა კარგად აუღეს ალღო ამ ჟანრს და იმედი მაქვს, რომ ღელვა, რომელიც ყველა პრემიერას ახლავს, არ იქნება იმ ხარისხის, რომ სარეპეტიციო პროცესში ნაპოვნი ხასიათები რაღაცით გაფერმკრთალდეს და გვაქვს იმედი, რომ სპექტაკლი მოეწონება მაყურებელს“, – აცხადებს ვასო ჩიგოგიძე.