ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 150 წლისაა. საიუბილეო თარიღის აღნიშვნას თეატრი მასშტაბურად გეგმავს.
თეატრის თაღებში და მიმდებარე ტერიტორიაზე, 5 ივლისს, 16.00 საათზე საღამო გაიმართება, სადაც ჩატარდება საიუბილეო წიგნი- ალბომის, „ოზურგეთის თეატრი 150“ პრეზენტაცია, კინოსა და თეატრის ვარსკვლავის, ამირან ქადეიშვილის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი ჯილდოს „ხელოვნების ქურუმით“ დაჯილდოების საპატიო ცერემონია, საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის სხვადასხვა სახელობითი პრემიებით თეატრის მსახიობების დაჯილდოების ცერემონია. ამავე დღეს თეატრის თაღებში გაიხსნება ოზურგეთის თეატრის სახელობითი ვარსკვლავი, შედგება ოზურგეთის თეატრის ჰიმნის პრეზენტაცია.
თეატრის იუბილეს ეძღვნება ნოდარ დუმბაძის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც 5 ივლისს ჩოხატაურში, ოზურგეთის თეატრის სპექტაკლით „მონატრება“ გაიხსნება, რომელიც თეატრის უკლებლივ ყველა მსახიობს აერთიანებს.
ოზურგეთის თეატრი ერთადერთი პროფესიული თეატრია გურიის მხარეში. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, ვასილ ჩიგოგიძე. თეატრის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია ფონდი „ქართუს” დაფინანსებით მიმდინარეობს.
თეატრის დაარსების თარიღად მიჩნეულია 1868 წელი, როდესაც პირველი საჯარო წარმოდგენა გაიმართა.
ახალგაზრდების ჯგუფმა ოზურგეთში წარმოდგენის უფლება ქუთაისის გუბერნატორისგან მიიღო. ქალთა სკოლის შენობაში სცენის მოყვარულთა ჯგუფმა ა. ცაგარელის კომედია „ბაიყუში“დადგა .