ოზურგეთის სასამართლოში 30 წლის ბაჩი ბოლქვაძის მკვლელობის საქმეზე გამოტანილი განაჩენი გააპროტესტეს
ხმაური იყო ოზურგეთის საქალაქო სასამართლოსთან. სოფელ ნაღობილევში რამდენიმე თვის წინ მოკლული ბაჩი ბოლქვაძის ახლობლებმა მოსამართლის მიერ მკვლელობაში ბრალდებულისთვის გამოტანილი განაჩენი გააპროტესტეს. შეკრებილების განცხადებით, მოსამართლე ბიძინა სტურუამ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ პირს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ისინი გადაწყვეტილების გასაჩივრებას და მაქსიმალური სასჯელის დაკისრებას ითხოვენ. ასევე მათი მოთხოვნაა მოსამართლემ თანამდებობა დატოვოს.
„მოსამართლემ არასწორი განაჩენი გამოიტანა და ამით ჩირქი მიაყენა ჩვენს სასამართლოს. მოვითხოვ მოაშორონ ეს არაკაცი და ალბათ მოვა ისეთი, ვინც სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, მას უნდა მიესაჯოს მაქსიმალური სასჯელი, 15 წელი, ადგილი ჰქონდა განზრახ მკვლელობას, ამას ადასტურებენ მოწმეები და ბრალდებულის აღიარებაც,“- განაცხადა მოკლულის მამამ ნუგზარ ბოლქვაძემ.
„30 წლის ბიჭი ოჯახში სტუმრად მისული, სუფრაზე მჯდომი ტყვიით მოკლა. გამოიტანეს განაჩენი ოთხი წელი. მავთულის ქურდობაზე მიუსაჯეს ბიჭს 13 წელი და მკვლელობაზე ოთხი წელი. ასეთი მოსამართლე ჰყავს ოზურგეთს“, – განაცხადა ერთ-ერთმა ნათესავმა.
ბაჩი ბოლქვაძე გასული წლის აგვისტოში მოკლეს. ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავეს. როგორც ადგილზე აცხადებდნენ, მან საკუთარ საცხოვრებელ სახლში სტუმრად მყოფ ბოლქვაძეს სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფიდან მიაყენა. მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდებოდა.