ხმაურია ამ წუთებში ოზურგეთში, 60-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან.
მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის მხარდამჭერების თქმით, მათ შენიშნეს ადამიანი, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაადგილდებოდა და არ ამხელდა ვინაობას, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ საოლქო საარჩევო კომისიის თანამშრომლის მძღოლია.
შარაშენიძის მხარდამჭერების განცხადებით, ამჟამად შენობაში მხოლოდ დაცვაა, სხვა თანამშრომლები არ იმყოფებიან და შესაბამისად, მძღოლი ამ დროს იქ არ უნდა იმყოფებოდეს.
„საოლქო საარჩევნო კომისიის მიმდებარედ შევნიშნეთ ავტომანქანა, რომელშიც მამაკაცმა ფურცლები შეიტანა, მათ კი ეწერა – მეორე ტური“, – აცხადებენ შტაბის წევრები.
მე-60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ზვიად თენეიშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
წინასწარი ინფორმაციით, ხვალ საოლქო საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნებიდან შესული საჩივრები უნდა განიხილოს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.