ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თხილის ფასი გააპროტესტა
ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თხილის ფასი გააპროტესტა

ოზურგეთის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო. სიტყვიერი დაპირისპირება ჯერ კიდევ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დაწყებამდე, მას შემდეგ მოხდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თათია ნიკოლაშვილმა სხდომაზე თხილი მიიტანა და მისი დაბალი ფასი გააპროტესტა.

„გაწეული უდიდესი შრომა და გაწეული ხარჯი ეყრებათ წყალში, ხელისუფლება კი ამ დროს არაფერს არ აკეთებს, მეტიც, წილში უსხედან ადამიანებს. ეს საკითხი დავაყენე დღეს მე საკრებულოს სხდომაზე. 16 საკითხი იყო სულ და არცერთი მათგან არ შეეხებოდა რეალური ადამიანების პრობლემებს. მეტიც, დავინახეთ, რომ ერთადერთი, რაც მათ პირზე აკერიათ, არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის დროსაც 11-დან 14 ლარამდე იყო ერთი კილოგრამი თხილის ფასი და ახლა ორ ლარამდეა ჩამოსული. ხელისუფლების წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული საექსპორტო კომპანიების წარმომადგენლები წილში უსხედან ადამიანებს. სწორედ ეს არის რეალობა, როდესაც გაჭირვებული მშრომელი ადამიანების ხარჯზე მდიდრდებიან ერთეულები,“- განაცხადა „ ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თათია ნიკოლაშვილმა, რომელმაც სხდომა მოგვიანებით პროტესტის ნიშნად დატოვა.

აღნიშნულ განცხადებას პროვოკაციად აფასებს „ქართული ოცნება“ და მას უსაფუძვლოს უწოდებს.

„საქართველოს მთავრობამ ფერმერებს გაუწია სხვადასხვა სახის დახმარება, ეს იქნებოდა პრეპარატები თუ ბაღის ინვენტარები, მაგრამ ვერ მივიღეთ შესაბამისი ხარისხი და აქედან გამომდინარე, ბაზარი თავისთავად არეგულირებს ფასს. რაც შეეხება ქალბატონ თათიას, ის არის ინტრიგანი, პოლიტიკურად ბეცი არსება და იწერს ქულებს ყოველ საკრებულოზე. არასდროს არ ესწრება კომისიის სხდომებს, როდესაც ხდება ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტების განხილვა“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა ,,ქართული ოცნებიდან“, ქეთი ხომერიკმა.