ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ცემის ფაქტზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატს ბრალი წარედგინა
ოზურგეთის საკრებულოს ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე ბრალი წარედგინა „ქართული ოცნების“ დეპუტატ ტარიელ აროშიძეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ოზურგეთის საკრებულოს შენობაში დეპუტატ ბესო ქათამაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც მან თავის არეში დაზიანება მიიღო. ექიმების განმარტებით, დაშავებული დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი მკურნალობას საავადმყოფოში გადის.
გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ ინციდენტის მონაწილეები და თვითმხილველები. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა და ბრალი წარედგინა ინციდენტში მონაწილე პირს – ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“ ტარიელ აროშიძეს. საქმესთან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ბესო ქათამაძეს თავის არეში დაზიანება აქვს მიყენებული.
თვითმხილველების ინფორმაციით, ბესო ქათამაძე „ქართული ოცნების“ ფრაქციის წევრებთან ერთად ოთახში იმყოფებოდა, საიდანაც ნაცემი გამოვიდა.
თავად დაზარალებული ამბობს, რომ ფრაქციის წევრებმა მას ანგარიში „ფეისბუქში“ აქტიურობისა და კრიტიკული პოსტების გამოქვეყნების გამო გაუსწორეს და თავში რკინის ნაჭერი ჩაარტყეს.