ოზურგეთის საკრებულომ ძაღლისა და კატის ყოლის წესი დაამტკიცა
ოზურგეთის საკრებულომ ძაღლისა და კატის ყოლის წესი დაამტკიცა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შინაური ცხოველების – ძაღლისა და კატის ყოლის წესი დაამტკიცა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

დადგენილების თანახმად, ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში, ​საბმელის ან ალიკაპის გარეშე ძაღლის ყოლა აკრძალულია.

გარდა ამისა, ძაღლის ან/და კატის მესაკუთრე (მფლობელი) ვალდებულია:

ა) ძაღლი ან/და კატა იყოლიოს იზოლირებულ ტერიტორიაზე (ეზო, მის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი) ან დაბმულ მდგომარეობაში ამავე ტერიტორიაზე ისე, რომ არ დაარღვიოს სანიტარიული ნორმები;

ბ) არ დაუშვას შინაური ცხოველის (ძაღლის/კატის) იზოლირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაშვება და დატოვება;

გ) არ დაუშვას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში შინაური ცხოველის მიერ მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და განადგურება.

ძაღლის მესაკუთრე ასევე ვალდებულია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლი გაუშვას ალიკაპით ან საბმელით.

ძაღლის სეირნობისას უზრუნველყოს გარშემომყოფთა უსაფრთხოება, არ დაუშვას მისი უმეთვალყურეოდ დატოვება. უზრუნველყოს ძაღლის/კატის ცოფზე აცრა.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების თანახმად, აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი დაჯარიმდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლისა და 151-ე მუხლის შესაბამისად, რაც სხვადასხვა შემთხვევაში, 20-დან 500 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება დღეს, 13 აპრილს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.