ოზურგეთის თეატრის ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე დავით დოიაშვილს მიმართავს - ჩვენც გვაქვს ჩვენი აზრი, ვართ სამხატვრო ხელმძღვანელები და არ ვფიქრობთ, რომ „გამჭვირვალობა დაუშვებელია“
სახელმწიფო თეატრი ერთი პოლიტიკური მოსაზრების ან ჯგუფის მოქმედების არეალი როგორ გახადე, ძამი. ჩვენც გვაქვს ჩვენი აზრი, ჩვენც ვართ სამხატვრო ხელმძღვანელები და არ ვფიქრობთ, რომ „გამჭვირვალობა დაუშვებელია“, – ამის შესახებ ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე სოციალურ ქსელში წერს.
ვასილ ჩიგოგიძე აღნიშნული პოსტით ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, დავით დოიაშვილს მიმართავს.
ჩიგოგიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობების პროტესტს ეხმაურება.
ვასილ ჩიგოგიძის თქმით, დღეს სასაცილოდაც კი ჟღერს იმის თქმა, რომ „გამჭვირვალობა დაუშვებელია“.
„თქვენ ჩემზე უმცროსები ხართ და ჩემზე მეტი ხომ უნდა გესმოდეთ, ამჟამინდელ მსოფლიოში რამხელა გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას. ნუ ავიგდებთ თავს მასხრად. ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ“, – წერს სოციალურ ქსელში ვასილ ჩიგოგიძე.