ოზურგეთი ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს
ოზურგეთი ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს. იგი დღეს გაიხსნა და 15 ივლისს დასრულდება. თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობს რვა ქვეყნის თეატრი ცხრა სპექტაკლით, ასევე, წარმოდგენილი იქნება დედაქალაქიდან 15, საქართველოს რეგიონებიდან კი 17 სპექტაკლი.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებული და გამორჩეული იქნება არა მარტო მდიდარი პროგრამით, არამედ მასშტაბით, რაც შესაძლებელს გახდის, საზოგადოებამ ოზურგეთის თეატრის სამ განსხვავებულ სივრცეში ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებზე, ასევე ქართველი კლასიკოსი მწერლების შემოქმედებაზე შექმნილი 26 სპექტაკლი იხილოს.
ფესტივალზე იმუშავებს საერთაშორისო ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალი თეატრის კრიტიკოსებით და თეატრის ექსპერტებით. საერთაშორისო ჟიური ცხრა ნომინაციაში გამოავლენს გამარჯვებულებს. მთავარი პრიზი – ნოდარ დუმბაძის პრემია 10 000 ლარს შეადგენს. კონკურსში მასპინძელი თეატრი არ მონაწილეობს. ფესტივალი რობერტ სტურუას სპექტაკლით გაიხსნა. „ვანო და ნიკო“ რუსთაველის თეატრის მსახიობებმა წარუდგინეს მაყურებელს. ფესტივალის გახსნას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები დაესწრნენ.
„ემოციები არის ძალიან ამაღლებული, საღამო დაიწყო ცრემლით, რადგან არაჩვეულებრივი თოჯინური სპექტაკლი ვნახე, სადაც მამას ბიოგრაფია იყო. ბევრი ტკივილი და განცდაა მამას ბიოგრაფიაში. მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სიკეთე, რომელსაც ატარებს ნოდარ დუმბაძის შემოქმედება, არის მთავარი“, – განაცხადა ნოდარ დუმბაძის ქალიშვილმა, ქეთი დუმბაძემ.
ღონისძებას ესწრებოდა კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ფესტივალს რუსთაველის თეატრის სპექტაკლი ხსნის, ადასტურებს წლევანდელი ფესტივალის უპრეცედენტოდ დიდ მასშტაბს.
„კულტურის სამინისტროს სახელით ყველას გეპატიჟებით გურიაში, კერძოდ ოზურგეთში, სადაც გაიხსნა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი. რამდენიმე დღის განმავლობაში 30-მდე სპექტაკლი გათამაშდება ოზურგეთისა და ჩოხატაურის თეატრალურ სცენებზე. ეს არის რვა უცხო ქვეყნის თეატრი და ასევე ქართული თეატრების ძალიან მდიდარი რეპერტუარი. თეატრალური ფესტივალი გაიხსნა რობერტ სტურუას სპექტაკლით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსთაველის თეატრის სპექტაკლი ხსნის ამ ფესტივალს და ადასტურებს უპრეცედენტოდ დიდ მასშტაბს ამ ფესტივალისა წელს, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ. მე კულტურის სამინისტროს სახელით გპირდებით, რომ იმდენად წარმატებული იქნება ეს ფესტივალი, რომ მომავალ წლიდანაც ჩვენ გავაგრძელებთ სწორედ ამ ხარისხის, ამ დონისა და საერთაშორისო მასშტაბის შენარჩუნებას ოზურგეთის თეატრალურ სცენაზე,“ – განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.