Oxfam-ი საფრანგეთის სასაზღვრო დაცვას მიგრანტების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს
ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია Oxfam-ი საფრანგეთის სასაზღვრო დაცვას მიგრანტების უკანონოდ დაკავებასა და მათი უფლებების შელახვაში ადანაშაულებს. ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე Oxfam-მა ანგარიში მოამზადა, რომელიც რამდენიმე საათის წინ გასაჯაროვდა.
ანგარიშში, სახელწოდებით “Nowhere but Out” (არსად, მაგრამ გარეთ) წერია, რომ საფრანგეთის ტერიტორიაზე ზღვიდან შესული მიგრანტები ქალაქ მენტონში სასაზღვრო და სანაპირო დაცვის წევრების მხრიდან დამცირების მსხვერპლი გახდნენ. მათ მიმართ საფრანგეთის სანაპირო დაცვის წევრებმა ღირსების შემლახველი ლექსიკა გამოიყენეს, ასევე ფიქსირდება ფიზიკური ძალადობის ფაქტები.
Oxfam-ის ანგარიშში საუბარია 16 ათას 500 მიგრანტზე, მათ შორის ბავშვებზე, რომელთა რაოდენობა 4 000-მდეა. მათ შორის- რამდენიმე ახალშობილი. ამ მიგრანტების დიდი ნაწილი ძირითადად ერითრეადან არის.
ანგარიშის ავტორები საფრანგეთის მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
ევროკავშირის კანონმდებლობისა და დუბლინის რეგულაციების თანახმად, ევროკავშირის ტერიტორიაზე შესულმა სრულწლოვანმა მიგრანტმა თავშესაფარი იმ ქვეყანაში უნდა მიიღოს, სადაც პირველად ჩავიდა. თუმცა დუბლინის რეგულაცია განსხვავებულად მოქმედებს არასრულწლოვნების შემთხვევაში. მიგრანტ მოზარდს უფლება აქვს თავშესაფარი მოითხოვოს იმ ქვეყანაში, სადაც მისი ოჯახის წევრი ან წევრები იმყოფებიან, თუ მას ოჯახის წევრი არ ჰყავს, იგი თავშესაფრის მისაღებად ევროკავშირის ქვეყანას თავად ირჩევს.
Oxfam-ი საფრანგეთის სასაზღვრო დაცვას, რომელიც იტალიიდან საფრანგეთის საზღვარზე მისულ არასრულწლოვან მიგრანტებს უკან, იტალიაში აბრუნებს, დუბლინის რეგულაციების დარღვევაში სდებს ბრალს.
აღნიშნულ ანგარიშს წინ უსწრებდა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მწვავე კრიტიკა იტალიის ახლადარჩეულ პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს მისამართით. მაკრონმა იტალიის ახალი მთავრობის ხისტ საემიგრაციო პოლიტიკას „ცინიკური“ და „არაადამიანური“ უწოდა, რასაც ოფიციალურ რომსა და ოფიციალურ პარიზს შორის ურთიერთობების გართულება მოჰყვა.