ოთხი ევროპარლამენტარი დეპუტატებს მიმართავს, არ დაუჭირონ მხარი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს
ევროპარლამენტის ოთხი წევრი ანდრიუს კუბილიუსი, მირიამ ლექსმანი, რასა იუნკევიჩიენე და ანა ფოტიგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან.
ევროდეპუტატების ღია წერილში აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტს „კონსტიტუციით აქვს უფლება, წარმოადგინოს ქვეყანა საგარეო ურთიერთობებში“ რომ „ქვეყნის მეთაური წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნებას, საქართველოს ევროპული გზისადმი მხარდაჭერის მობილიზაცია მოახდინოს“.
„ცხადი და რაციონალური გამართლების გარეშე საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, არ მისცეს ფორმალური თანხმობა პრეზიდენტს, ვიზიტი გამართოს 10 სხვადასხვა დედაქალაქში და საერთაშორისო ინსტიტუტში, მათ შორის ევროპარლამენტში. საქართველოს მთავრობის ქმედება არ მისცეს თანხმობა პრეზიდენტს გამართოს საგარეო ვიზიტები, არის მკაფიო მცდელობა, აუკრძალოს პრეზიდენტს მისი კონსტიტუციური მოვალეობის შესრულება და წარმოადგინოს ქართველი ხალხის ნება. მთავრობის ასეთი ქცევა არის პრეზიდენტის კონსტიტუციური ძალაუფლების მკაფიო უზურპაცია, რაც წარმოადგეს კონსტიტუციის მესამე მუხლის დარღვევას, სადაც ნათქვამია, რომ „არავის ექნება უფლება, მიიტაცოს ძალაუფლება“ და ასევე მეოთხე მუხლის დარღვევა, სადაც აღნიშნულია „სახელმწიფოს ხელისუფლება განხორციელდება ძალაუფლების განაწილების პრინციპზე დაყრდნობით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ოთხი ევროპარლამენტარი ასევე აცხადებს, რომ „საქართველოს მთავრობის მცდელობა, ყოველგვარი რაციონალური გამართლების გარეშე, პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო ვალდებულების შესრულების პრევენცია მოახდინოს, წარმოადგენს საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს კონსტიტუციისა და საკონსტიტუციო დემოკრატიის ევროპული პრინციპების მკაფიო დარღვევას“.
„სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ინიცირებით, საქართველოს მთავრობა და პარტია „ქართული ოცნება“ აჩვენებს, რომ საწინააღმდეგოდ მათი დეკლარირებული მიზნისა, ისინი არ უჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას. საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტია ახდენენ მათი ქვეყნის მიერ წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსების საბოტაჟს და მთავრობას თავად უნდა გამოეცხადოს უნდობლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროპარლამენტარების აზრით, საქართველოს მთავრობის ქმედებები, რომლებიც მიმართულია პრეზიდენტის წინააღმდეგ არის „ქართული ოცნების“ მიერ კარგად ორგანიზებული თავდასხმა სახელმწიფოს მეთაურზე მისი პროევროპული პოზიციის გამო“.
„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა დეპუტატს, გულწრფელად დაუჭირონ მხარი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და არ დაუჭირონ მხარი პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა მან შეისწავლოს საქართველოს მთავრობის მიერ პრეზიდენტისთვის საკონსტიტუციო ვალდებულებების შესრულების ბლოკირების კონსტიტუციასთან შესაბამისობა“, – ნათქვამია განცხადებაში.