ოთარ შამუგია - 120 მილიონ ლარზე მეტი მივმართეთ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის მხარდასაჭერად
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს აგროწარმოების განვითარებისთვის თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე წვდომის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც შამუგიამ აღნიშნა, წლების წინ ქვეყანა განიცდიდა ტექნიკის მნიშვნელოვან დეფიციტს და ფერმერები ვერ ახერხებდნენ აგროვადებში სამუშაოების ჩატარებას.
„120 მლნ ლარზე მეტი მივმართეთ ტექნიკის შესყიდვის მხარდასაჭერად და ფერმერებმა ამ თანადაფინანსების საშუალებით შეიძინეს 7 500 ერთეული, 440 მლნ ლარზე მეტი ღირებულების, სხვადასხვა სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და იმპლემენტები. რა თქმა უნდა, ჩვენ წელსაც ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მხარდაჭერას და 20 მლნ ლარია გამოყოფილი მიმდინარე წლის ბიუჯეტით ამ მიზნობრიობით. ვაფინანსებთ მოსავლის ამღები ტექნიკის შესყიდვას, სპეციალურად კოოპერატივებისთვის დავიწყეთ ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მცირე ფერმერებს ვაძლევთ საშუალებას, გაერთიანდნენ და საკმაოდ მაღალი, 50-პროცენტიანი საგრანტო თანადაფინანსებით შეიძინონ სასურველი ტექნიკა. უკვე დაფინანსებულია 62 ასეთი კოოპერატივი და პროგრამა გრძელდება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.