ოთარ ნადარაია - რა სცენარიც უნდა ავიღოთ, კორონავირუსის გამო მაინც მოკლევადიანი შოკი გვაქვს
ოთარ ნადარაია - რა სცენარიც უნდა ავიღოთ, კორონავირუსის გამო მაინც მოკლევადიანი შოკი გვაქვს

კორონავირუსის გავლენა ეკონომიკაზე რა სცენარითაც უნდა განვითარდეს, ეს მაინც მოკლევადიანი შოკი იქნება, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში კორონავირუსის გამო მსოფლიო ეკონომიკაზე და, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკაზე მოსალოდნელი შედეგები განიხილეს.

დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ მოვლენები სამი სცენარით შეიძლება განვითარდეს. პირველი სცენარი გლობალური ეკონომიკის დიდი შოკიდან შედარებით სწრაფად, დაახლოებით ორ თვეში, გამოცოცხლებას გულისხმობს. მეორე სცენარით ეკონომიკა გაცილებით ნელა იკრებს ტემპს და დაახლოებით მესამე კვარტალში გამოდის მდგომარეობიდან, ხოლო მესამე სცენარით მოსალოდნელია გლობალური ვარდნა.

საინვესტიციო კომპანია „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევითი დეპარტამენტის უფროსი ევა ბოჭორიშვილის მოსაზრებით, თუ პირველი სცენარი შედგა, მოვლენები საქართველოში, სავარაუდოდ, ჩინეთის მსგავსად განვითარდება და ეკონომიკა ორი თვის შემდეგ გამოცოცხლდება.

„ჩემი ინფორმაციით ჩინეთში მოხდა ამ ვირუსის შერჩება, ეკონომიკამ გამოცოცხლება დაიწყო და ეს პროცესი გრძელდება. თუ ამას გავიხილავთ ჩვენს შემთხვევაშიც, საქართველოში რთული მარტი-აპრილი გვექნება და შემდეგ ტურიზმის გამოცოცხლებას უნდა ველოდოთ. შესაბამისად, ეკონომიკა დაჩქარდება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

„თიბისი ბანკის“ მთავარი ეკონომისტი უფრო მეორე სცენარის განვითარებას ელოდება, რადგან მართალია მდგომარეობა ჩინეთში სტაბილიზაციისკენ მიდის, მაგრამ სიტუაცია სხვა ქვეყნებში უარესდება. ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებში მარტი, აპრილი და მაისი რთული თვეები იქნება და იგივე განმეორდება, რაც ჩინეთში. 

„დაახლოებით შუალედური სცენარი უნდა ავიღოთ, რადგან გლობალურად თუ შევხედავთ და თუ იმ ტემპს ავიღებთ, რომლითაც ჩინეთმა მოახერხა ამ პრობლემასთან ჯერ ვერ ვიტყვი რომ გამკლავება, მაგრამ ყოველ შემთხევაში გაუმჯობესებული ტრენდის დადება, ვფიქრობთ, რომ მარტი-მაისის პერიოდში სხვა ქვეყნებშიც იგივე მოხდება. რა თქმა უნდა, არის კითხვები ეფექტიანობაზე, თუ რამდენად ეფექტიანი იქნება სხვა ქვეყნების მთავრობა, თუმცა ისიც გავითვალისწინოთ, რომ ჩინეთი გავრცელების კერაა და იქ პრობლემა ბევრად უფრო მასშტაბური იყო“, – განაცხადა ნადარაიამ.

მისი პროგნოზით, აღნიშნული სამი თვე ქართული ტურისტული ინდუსტრიისთვისაც ძალიან მძიმე იქნება, თუმცა ზაფხულიდან სიტუაცია, სავარაუდოდ, დასტაბილურდება. მიუხედავად ამისა, წელს ტურისტული ინდუსტრია ნადარაიას მოსაზრებით, წლიური ზრდა ამ სექტორში მოსალოდნელი არ არის. გარდა ამისა, ნავთობის ფასის მკვეთრი რყევის გამო, გაუფასურებული რუსული რუბლიც დიდი ალბათობით ქართული ეროვნული ვალუტის კურსზეც უარყოფითად აისახება. თუმცა მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარების შემთხვევაშიც მოკლევადიანი შოკია მოსალოდნელი.

„რეალურად, რა სხვადასხვა სცენარიც უნდა ავიღოთ, მაინც მოკლევადიანი შოკი გვაქვს. გარკვეულ პერიოდში ეს დამთავრდება. აკადემიურად მოკლევადიანი შოკი გრძელვადიანი შოკისაგან იმით განსხვავდება რომ ამ მოკლევადიან პერიოდში [ფინანსური] შემოდინების დაბალანსება შესაძლებელია მანამ, სანამ ეს აღდგება. ამიტომ პირდაპირ რომ ვთქვათ, საგარეო დაფინანსებით ვალუტის შემოტანა მნიშვნელოვანია. კურსს რაც შეეხება, სამწუხაროდ, ლოგიკურია, ლარი რომ გაუფასურდა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია დღევანდელ ნიშნულზე მეტად გაუფასურება, თუმცა ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში ამას [ეროვნული ბანკის მხრიდან] რეაგირება მოჰყვება. რაც შეეხება მონეტარული კურსის შერბილებას, დღევანდელი გადმოსახედიდან ეს პრაქტიკულად გამორიცხულია. თუ დღევანდელი ნიშნულიდან კურსმა კიდევ გააგრძელა გაუფასურება, ვფიქრობ, დასაშვებია მოხდეს [მონეტარული პოლიტიკის] გამკაცრება ლარში და შერბილება უცხოურ ვალუტაში, რაც 2019 წელს მოხდა. არც [ეროვნული ბანკის ს სავალუტო] რეზერვების გაყიდვას გამოვრიცხავ“, – განაცხადა ნადარაიამ.

მისი განმარტებით, თუ ლარის კურსი კიდევ გაუფასურდა, შესაძლებელია ინფლაციაზე ზეწოლა მოახდინოს.

„ჩვენი „თიბისი კაპიტალის“ შეფასებით, ნავთობის ფასი, ვთქვათ ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი თუ ის იქნება, რაც დღეს ანუ ბარელზე დაახლოებით 40 აშშ დოლარი და გაცვლითი კურსიც დაახლოებით დღევანდელ დონეზე შენარჩუნდა, ინფლაცია 2020 წელს დაახლოებით 2-3 პროცენტი იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ, ჩვენი შეფასებით, დღევანდელზე მეტი გაუფასურება გამოიწვევს ინფლაციურ ზეწოლას“, – განუცხადა ოთარ ნადარაიამ „ბიზნესპარტნიორს“.