ოთარ კახიძე - წინასწარი ინფორმაციით, ჩვენს გამოსაძიებელ საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი არის მირზა სუბელიანი
„ევროპული საქართველოს” წევრი, ოთარ კახიძე აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი მირზა სუბელიანია. კახიძე შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, გაატარონ ზომები, რათა საპარლამენტო კომისიის გადაწყვეტილებამდე, სუბელიანი არ მიემალოს გამოძიებას.
„კომისიის წევრები შევხვდით ზაზა სარალიძეს, ასევე მის ადვოკატს და სახალხო დამცველს. წინასწარი ინფორმაციის მიხედვით, ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ჩვენს გამოსაძიებელ საქმეში გახლავთ მირზა სუბელიანი. სანამ დავიწყებთ საქმის შესწავლას და კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მირზა სუბელიანი არ მიემალოს გამოძიებას და უზრუნველყოფილი იყოს მისი გამოცხადება საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა განმარტების მისაცემად. ამიტომ მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, შესაბამის ორგანოებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მტკიცებულებები ბატონი სუბელიანის მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების თაობაზე, გატარდეს შესაბამისი ზომები”,-განაცხადა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, შესაბამის ზომებში იგულისხმება გაუსვლელობა, ან აღკვეთის სხვადასხვა ღონისძიება.
„ეს შეიძლება იყოს გაუსვლელობა, ან აღკვეთის სხვადასხვა ღონისძიება. იმის მიხედვით, თუ რა მტკიცებულებები აქვს შსს-ს. ჩვენი ინფორმაციით, ის მასალები, რომელსაც დაზარალებულის წარმომადგენლები გვაწვდიან, შსს-შიც აქვთ, ამიტომ მათ უნდა შეაფასონ ეს რისკები. ჩვენი კომისიის ინტერესში არის, რომ ბატონი სუბელიანი არ მიემალოს და გამოცხადდეს კომისიის სხდომაზე. დასაზღვევი არის ორი რისკი, ერთი გახლავთ მიმალვის საფრთხე, მეორე – მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, იმ მოწმეებზე, რომლებმაც სუბელიანთან ერთად უნდა მისცენ ახსმა-განმარტებები კომისიას. დაზარალებულისგან და სახალხო დამცველისგან მიღებული ინფორმაციით, ბატონი სუბელიანი ფიგურირებს საკითხებში, რომელიც ეხება დანაშაულის დაფარვას, მოწმეებზე ზემოქმედებას. ეს უნდა აღეკვეთა თავის დროზე ხელისუფლებას, მაგრამ ახლა, კომისიის ინტერესებშია რომ ეს საფრთხეები ამ ეტაპზე მაინც იყოს დაზღვეული და აღკვეთილი”,-განაცხადა ოთარ კახიძემ და აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში კომისია ელოდება მასალებს როგორც პროკურატურიდან, ისე სასამართლოდან.
„ძალიან კარგია პროკურატურის მზადყოფნა, ეს არის საკმაოდ დიდი საქმე. სხდომის ოქმები, ჩანაწერები არის სასამართლოში და ჩვენ ორივე ამ უწყებიდან გვესაჭიროება მასალები და ვიმედოვნებთ, რომ საკითხი უახლოეს ხანებში დასრულდება”,-თქვა მან.