ოთარ კახიძე - წინა საკომიტეტო კვირაში მოსმენილი მოსამართლეობის ხუთი კანდიდატიდან შესაბამის კრიტერიუმებს მხოლოდ თამარ ზამბახიძე აკმაყოფილებს
7-11 ოქტომბრის კვირაში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსმენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს შორის შესაბამის კრიტერიუმებს თამარ ზამბახიძე აკმაყოფილებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ განაცხადა.
„ევროპულმა საქართველომ“ საკუთარი მეთოდოლოგიით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ხუთი კანდიდატი შეაფასა. ფრაქცია კანდიდატებს სამი კრიტერიუმის – კომპეტენტურობის, კეთილსინდისიერებისა და ზოგადი განათლების მიხედვით აფასებს.
„წინა საკომიტეტო კვირას, ჩვენ მოვუსმინეთ ხუთ კანდიდატს და „ევროპულმა საქართველომ“ ხუთივე შეაფასა. „ევროპული საქართველო” მიიჩნევს, რომ ამ კადიდატებიდან თამარ ზამბახიძე აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესაბამის კრიტერიუმებს. რაც შეეხება, მაია ვაჩაძეს ის აკმაყოფილებს ზოგადად მოსამართლეობის სტანდარტებს, თუმცა კეთილსინდისიერების კრიტერიუმში ვერ დააკმაყოფილა სტანდარტი, რომელსაც მიგვაჩნია, რომ უნდა აკმაყოფილებდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. მას აქვს განხილული „რუსთავი 2“-ის საქმე, რომელიც ძალიან პრობლემური საქმეა. ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დიდმა პალატამ აღნიშნული საქმე, სადაც მაია ვაჩაძე მონაწილეობდა და მან დამაჯერებლად ვერ დაასაბუთა ამის საჭიროება“, – განაცხადა დეპუტატმა.
ამასთან, „ევროპული საქართველოს“ შეფასებით, ძალიან დაბალი სტანდარტი აჩვენეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა ზაზა თავაძემ და შალვას თადუმაძემ.
„რაც შეეხება თადუმაძესა და თავაძეს, აქ ზოგადად ძალიან დაბალი სტანდარტი გვქონდა როგორც კომპეტენციის კუთხით, ისე კეთილსინდისიერებისა და ღირებულებების თვალსაზრისით. ამიტომ ვერც ერთი კანდიდატი ვერ აკმაყოფილებს არა თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის, არამედ ჩვეულებრივი მოსამართლის სტანდარტებსაც. რაც შეეხება ბოლო კანდიდატს ვლადიმერ კაკაბაძეს, რომელმაც მიიღო მინიმალური შეფასებები, ეს არის კანდიდატი, რომელმაც სამართლებრივად აბსურდული გადაწყვეტილება გამოიტანა უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგ და ვერ დაასაბუთა გადაწყვეტილების შინაარსი. მას არ ესმის რა არის გამოხატვის თავისუფლება, ელემენტარულ კითხვებსაც ვერ გასცა პასუხი“, – განაცხადა კახიძემ.
მისი თქმით, კანდიდატებთან გასაუბრებები გრძელდება და „ევროპული საქართველო“ საკუთარ შეფასებებს თითოეული რაუნდის შემდეგ წარადგენს.