ოთარ კახიძე - ვენეციის კომისიის დასკვნა სერიოზული დარტყმაა ხელისუფლებისთვის
ოთარ კახიძე - ვენეციის კომისიის დასკვნა სერიოზული დარტყმაა ხელისუფლებისთვის

ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტს პირდაპირ უთხრა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნდობა არ აქვს, მათ მიერ მიღებული ინფორმაციის მიხედვით და ამ პარლამენტმა უზენაესი სასამართლო სრულად არ უნდა დააკომპლექტოს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

როგორც ოთარ კახიძემ აღნიშნა, ინტერესთა კონფლიქტი და საკვალიფიკაციო გამოცდები ძალიან მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხებია.

„პრაქტიკულად ყველა მიმართულება რაზეც ჩვენ, „ევროპული საქართველო“, ასევე სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებას მიუთითებდა, ამ დასკვნაში ასახულია. ველოდები უხერხულად როგორ დაიწყებენ იმის მტკიცებას, რომ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია თურმე გასათვალისწინებელი არ არის. ან ვერსიას, როგორ შემოგვთავაზებენ, რომ ვენეციის კომისია ალბათ ოპოზიციონერი გახდა. ან რაღაც სხვა შეთქმულების თეორიას“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა პრაქტიკულად სერიოზული დარტყმაა ამ ხელისუფლებაზე.

„ვენეციის კომისია ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ნდობა არ აქვს, ხოლო საქართველოს დღევანდელ პარლამენტს მანდატი, რომ ნახევარზე მეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გაამწესოს თანამდებობაზე. პარლამენტი პოლიტიკური ორგანოა, ჩვენ სასამართლო არ ვართ, რომ სამართლებრივ გადაწყვეტილებებს ვიღებდეთ. ჩვენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვიღებთ და კანონის ცვლილება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. კობახიძის განცხადება, რომ პოლიტიკური რეკომენდაციები ვერ აისახება ტყუილია. ეს არის უსუსური მცდელობა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას გვერდი აუარონ და კანონი ისე მიიღონ. როგორც ვხედავ ამას აპირებენ, თუმცა ეს ხელისუფლებას არაფერ სიკეთეს არ მოუტანს. მათი მოწინააღმდეგეების რიგებშია სახალხო დამცველი, ადვოკატთა ასოციაცია, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია. ამ რიგებს ვენეციის კომისია შემატეს. უსუსური მცდელობა, რომ რაღაც რეკომენდაციები პოლიტიკურად მონათლონ და ამიტომ არ შეასრულონ ძალიან ცუდად დამთავრდება მათი საერთაშორისო რეპუტაციისთვის“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ გამორიცხავს. ამასთან, მისივე თქმით, რეკომენდაცია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არ შეავსოს უზენაეს სასამართლოში კვოტები, პოლიტიკურია და ორგანულ კანონში ვერ აისახება. კობახიძის განცხადებით, შესაძლებელია ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებას შეეხება.