ოთარ კახიძე - სოფო ვერძეული „მიუკერძოებელი დამკვირვებლის“ სტატუსით სიმართლედ გვასაღებს მთავარ სახელისუფლო ჰედლაინს, რომ „აქცია დაახლოებით 22:00 საათიდან ძალადობრივი” გახდა
თუ დავიჯერებთ, რომ აქცია ძალადობრივი გახდა, მაშინ ხელისუფლებას მართლაც ჰქონია ლეგიტიმური უფლება, დაეშალა მომიტინგეები, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე „იემსის“ წარმომადგენლის, სოფო ვერძეულის მიერ 20-21 ივნისის მოვლენებზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფეისბუქპოსტს.
როგორც ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში წერს, აქცია იყო მრავალათასიანი, ხოლო პოლიციასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა დაახლოებით ასამდე მომიტინგე.
საკუთარ ფეისბუქსპოსტში „ევროპული საქართველოს“ წევრი ნიკა მელიას მიმართ წარდგენილ ბრალდებასაც ეხმიანება და ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს არ უნდა გაეკეთებინა პროვოკაციული და სრულიად უპასუხისმგებლო მოწოდება.
„სოფო ვერძეული აანალიზებს 20 ივნისის ღამეს და „მიუკერძოებელი დამკვირვებლის“ სტატუსით სიმართლედ გვასაღებს მთავარ სახელისუფლო ჰედლაინს, რომ „აქცია დაახლოებით 10 საათიდან გახდა ძალადობრივი”.
სინამდვილეში აქცია იყო მრავალათასიანი, ხოლო პოლიციასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა დაახლოებით ასამდე (შეიძლება ოდნავ მეტი) მომიტინგე. მხატვრის სახლთან და გამზირზე მდგომ ადამიანებს არათუ ძალადობრივი განზრახვა არ ჰქონიათ, არამედ არც კი იცოდნენ, თუ რა ხდებოდა ზემოთ. არ ისმოდა რუპორის ხმა, არ იყო დამონტაჟებული მიკროფონი, ეკრანი და დინამიკები.
თუ დავიჯერებთ, რომ აქცია ძალადობრივი გახდა, მაშინ ხელისუფლებას მართლაც ჰქონია ლეგიტიმური უფლება, დაეშალა მომიტინგეები. მაშინ გახარიას გადადგომის მოთხოვნა (რომელსაც “ობიექტურობისთვის” აყენებს სტატუსის ავტორი) კიდევ უფრო სადაო ხდება.
სინამდვილეში, რეალობა არის შემდეგი:
1. ხელისუფლებას უნდა გაეცნობიერებინა სპონტანური პროტესტის სიმძაფრე და უნდა გადაეყენებინა თანამდებობიდან პარლამენტის თავმჯდომარე;
2. შსს-ს არ უნდა გამოეყვანა საპოლიციო დანაყოფები პარლამენტის რკინის ღობის გარეთ და ამით არ უნდა მოეხდინა მომიტინგეებთან ფიზიკური შეხების პროვოცირება;
3. ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას არ უნდა გაეკეთებინა პროვოკაციული და სრულიად უპასუხისმგებლო მოწოდება პარლამენტის ეზოში „მშვიდობიანად შესვლის“ თაობაზე;
4. ხელისუფლებას არ უნდა დაერღვია პირობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკების შესახებ და ცრემლსადენი გაზი არ უნდა ესროლათ მიტინგის უკანა რიგებში, საიდანაც არავითარი ძალადობრივი საფრთხე არ მოდიოდა;
5. პოლიციას არ უნდა დაეწყო მიტინგის დაშლა კანონით გათვალისწინებული სავალდებულო გაფრთხილების გარეშე;
6. პოლიციას არ უნდა გამოეყენებინა ისეთი ტყვიები, რომლებიც აღწევს სხეულში და იწვევს ადამიანის დასახიჩრებას;
7. პოლიციას არ უნდა ესროლა რეზინის ტყვიები თავის არეში, თვალებში და ახლო მანძილიდან;
„ობიექტურობის“ საბურველში სახელისუფლო პროპაგანდის მესიჯბოქსი ვერ შეინიღბება“, – წერს ოთარ კახიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) დემოკრატიისა და მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორმა, სოფო ვერძეულმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქცია დაახლოებით 22:00 საათიდან გახდა ძალადობრივი და პოლიტიკოსების ნაწილის როლი იყო სამარცხვინო.