ოთარ კახიძე - შესაძლებელია, აზარტული თამაშების რეკლამირების ცალკე რეგულირებაზე ვიმსჯელოთ
„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, აზარტული თამაშების რეკლამირების ცალკე რეგულირების საკითხზე მსჯელობა შესაძლებელია.
კახიძე მიიჩნევს, რომ აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუმცა აკრძალვით პრობლემა ვერ მოგვარდება.
„ბევრ ქვეყანაში აზარტული თამაშების რეკლამირება ცალკე რეგულირებას ექვემდებარება და შესაძლებელია, ჩვენთანაც ამ თემაზე ვიმსჯელოთ. ამ თემის ტაბუირებით და აკრძალვით პრობლემას ვერ მოვაგვარებთ მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი განზრახვა გვქონდეს. ხშირად განზრახვას განხორციელებული რეგულაციები არ ემთხვევა. ის, რომ რეკლამა შეზღუდული იყოს, ლეგიტიმურია“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს პირველი არხის გადაწყვეტილებას, 2020 წლის პირველი იანვრიდან საკუთარი ეთერით აზარტული თამაშების რეკლამირება აღარ განახორციელოს, კახიძე ამბობს, რომ აღნიშნული ნაბიჯი ბიზნესიდან შემოსავლების კლებას გამოიწვევს და საბოლოოდ, გადასახადების გადამხდელის ჯიბეს შეეხება.
„არხის გადაწყვეტილება შემოსავლების კლებას გამოიწვევს, ეს საბოლოო ჯამში გადასახადების გადამხდელის ხარჯზე უნდა დაკომპესირდეს. ის, რასაც არხს ბიზნესი უხდიდა, უნდა ამოიღონ გადასახადის გადამხდელის ჯიბიდან, რაც მისასალმებელი ვერ იქნება. საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის კომერციული ორგანიზაცია, გადასახადის გადამხდელის ფულიდან ფინანსდება. საზოგადებრივ მაუწყებელზე რაც უფრო ნაკლებად იქნება დახარჯული გადასახადის გადამხდელის ფული და უფრო მეტად კონკურენტუნარიანი იქნება სხვა ტელევიზიებთან მიმართებაში, საშუალება ექნება, თავისი თავი შეინახოს, ტელევიზიისთვის მით უკეთესი იქნება. არ მითქვამს, რომ არხმა ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, დააკლდება არხს, რითაც არხი უნდა განვითარებულიყო, თუ ამაზე უარს იტყვის. დანარჩენ ტელევიზიებს შემოსავლის მიღებას თუ ავუკრძალავთ, ეს მათ შემოსავლებს დაარტყამს. საზოგადოებრივი მაუწყებელი სხვა ტელევიზიებთან კონკურენტულ პირობებში არ არის, ამიტომ ეს გადაწყვეტილება არის გვერდითი ეფექტების მომტანი. თუ სხვა ტელევიზიებს აზარტული თამაშების რეკლამას აუკრძალავენ, ეს სერიოზულად დაარტყამს იმ არხებს, რომლებიც ფინანსურად სახარბიელო მდგომარეობაში არ არიან, საზოგადოებრივ მაუწყებელს კი ამის დიდი ფუფუნება აქვს“, – აღნიშნა ოთარ კახიძემ.
საქართველოს პირველი არხი, როგორც პასუხისმგებლიანი მედია, უარს აცხადებს აზარტული თამაშების რეკლამის ეთერში განთავსებაზე. პირველი არხი ამ ეტაპზე შეასრულებს მიმდინარე ვალდებულებებს და 2020 წლის პირველი იანვრიდან საკუთარი ეთერით აღარ განახორციელებს აზარტული თამაშების რეკლამირებას.