ოთარ კახიძე - საგამოძიებო კომისიამ ნიღაბი ჩამოხსნა სამართალდამცავ სისტემას, რომელსაც ხორავაზე მკვლელობის საქმეში ბევრი დარღვევა აქვს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ პირველივე დღეებში ჩამოხსნა ნიღაბი სამართალდამცავ სისტემას, რომელსაც ხორავას ქუჩის საქმეში ძალიან ბევრი დარღვევა აქვს, – ამის შესახებ კომისიის მდივანმა, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ოთარ კახიძემ განაცხადა, რომელიც ზაზა სარალიძის პროტესტს გამოეხმაურა.
კახიძის თქმით, კომისიამ უკვე მიიღო რეკომენდაცია, იმ კონკრეტული პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე, რომლის დასჯასაც ზაზა სარალიძე მოითხოვს.
„კომისიამ პირველივე დღეებში პრაქტიკულად ნიღაბი ჩამოხსნა სამართალდამცავ სისტემას, რომელსაც ამ საქმეში აქვს ძალიან ბევრი დარღვევა. ჯერ გასარკვევია, ეს დარღვევა არაკომპეტენტურობის შედეგია თუ განზრახ მოქმედების. ჩვენ შევიმუშავეთ რეკომენდაცია, რომელიც ითვალისწინებს მ.კ.-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას. ეს მოთხოვნა ზაზა სარალიძესაც აქვს“, – განაცხადა კახიძემ.
მისი თქმით, რეკომენდაცია მტკიცებულებებზე დაყრდნობითაა შემუშავებული.
„სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ამ რეკომენდაციის წინააღმდეგ მისცა ხმა, მაგრამ მაინც მივიღეთ და ველოდებით პროკურატურის მოქმედებას“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
ზაზა სარალიძე უკვე მეორე დღეა შინაგან საქმეთა სამინისტროში ეზოში იმყოფება. ის ხორავას ქუჩაზე კონფლიქტში მონაწილე მ.კ.-ს პასუხისგებაში მიცემას ითხოვს და ამბობს, რომ მანამდე შსს-ს ტერიტორიას არ დატოვებს. სარალიძეს ცოტა ხნის წინ, შსს-ს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელიალექსანდრე ხოჯევანიშვილი შეხვდა.