ოთარ კახიძე - საგამოძიებო კომისია, მიღებული პასუხებიდან გამომდინარე, შეფასებას ბოლოს გააკეთებს
საგამოძიებო კომისიას აქვს კითხვები, ამ შეკითხვებს სვამს და შეფასებას, მიღებული პასუხებიდან გამომდინარე, ბოლოს გააკეთებს, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობისა და დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ოთარ კახიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„მთავარი საკითხი ისაა, რატომ გაუცვალა პროკურატურამ ფარდულში ადგილები ერთ-ერთ მსჯავრდებულს და მ.კ-ს და რატომ შეეწინააღმდეგა გამოძიების ვერსიას“, -განაცხადა კახიძემ.
როგორც ოთარ კახიძემ აღნიშნა, გამოძიების პროცესში დაუყოვნებლივ არ იქნა ამოღებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები, შუამდგომლობა ერთი კვირის დაგვიანებით წავიდა და ამ ჩანაწერების დათვალიერება 8 თებერვალს მოხდა, რაც გაუგონარი რამ არის.
„ასევე არ ამოიღეს დანაშაულის მთავარ ფიგურანტთა ტელეფონები, რაზეც თქვეს, რომ ტაქტიკის ნაწილი იყო, რათა მოესმინათ, ერთმანეთში რას ილაპარაკებდნენ. ჩვენს კითხვაზე, მოხდა თუ არა მათი მოსმენა, გვიპასუხეს, რომ ვერ მოუსმინეს, რადგან სტანდარტი მაღალი გვქონდა და ფარული მიყურადება ვერ განვახორციელეთო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან დანაშაულის ხასიათიდან და იმ მომენტისთვის შეკრებილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, არსებობდა სტანდარტი, რომ სატელეფონო საუბრებისთვის ფარულად მოესმინათ, თუ მით უმეტეს, ტელეფონები ამისთვის დაუტოვეს“, – განაცხადა კახიძემ.
მისი თქმით, პირები, რომლებიც 51-ე სკოლაში საქმის გასარჩევად მივიდნენ, მანამდე „ინსტაგრამისა“ და „ფეისბუქის“ მეშვეობით, ერთმანეთში კომუნიკაციას აწარმოებდნენ, მაგრამ ეს მიმოწერა ამოღებული არ არის და წაშლილია.
„ამოღებული არ არის ასევე ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, მ.კ-ს სისხლიანი ტანსაცმელი, ვინც ფარდულში იმყოფებოდა და დავით სარალიძესთან პირდაპირ შემხებლობაში იყო. ჩნდება კითხვა, რატომ არ გაჩხრიკეს მისი სახლი ტანსაცმლის ამოსაღებად, ან დანის საძებნად, მაგრამ ამაზე პასუხი არ არის“, – განაცხადა კახიძემ.
კახიძემ ასევე აღნიშნა, რომ პროკურატურამ მირზა სუბელიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც არსებობდა ის საფუძვლები, რითაც მის წინააღმდეგ დევნა დღეს მიმდინარეობს.
„იანვრის თვეში საგამოძიებო ჯგუფის უფროსმა კამერის ჩანაწერზე მირზა სუბელიანი ვერ იცნო, მაშინ, როცა მირზა სუბელიანი პირველ დეკემბერს საგამოძიებო უწყებაში თავისი ფეხითაა მისული. დათვალიერების ოქმში ის მითითებულია, როგორც უცნობი მამაკაცი“, – განაცხადა კახიძემ.
მისივე თქმით, როცა მაშინ ერთ-ერთი სავარაუდო ეჭვმიტანილის, ახლა კი უკვე მსჯავრდებულის მ.კ-სთან ერთად მიმალვა ხდება, მირზა სუბელიანი მ.კ-ს მამასთან და ძმასთან ერთად არის იქ, სადაც ნადგურდება და იყრება ტანსაცმელი, ტელეფონები, სიმბარათები, მაგრამ გამომძიებელმა ის ვერ იცნო.
„რატომ არ ჰკითხა გამომძიებელმა საგამოძიებო ჯგუფს, ეს პირი ვინ იყო და რატომ არ დაადგინა, თუ ვინ იყო მირზა სუბელიანი?! თან, 3 თუ 4 დეკემბერს უკვე მინისტრი საუბრობდა, რომ მირზა სუბელიანმა პროკურატურაში თანამდებობა დატოვა, საზოგადოების ყურადღება მაქსიმალურად იყო გამახვილებული და შეუძლებელია, საგამოძიებო ჯგუფის უფროსს მისი ვინაობა არ სცოდნოდა. ასე რომ, ჩნდება კითხვა, რატომ არ მიუთითებს მის ვინაობას საგამოძიებო ოქმში“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.