ოთარ კახიძე - მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, პოლიტიკური ოპონენტისადმი ბოღმას ჩვენი ქვეყნის ისტერესებზე მაღლა ნუ დააყენებს
„ევროპული საქართველოს“ წევრ ოთარ კახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების თაობაზე „ქართული ოცნების“ რეაქცია სამარცხვინოა.
მისივე თქმით, საქართველოში არც ერთი პარტიის საქმე არ არის, პარტნიორი სახელმწიფო უკრაინა ვის და რა თანამდებობაზე დანიშნავს.
„უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების ფონზე კიდევ უფრო აბსურდული და სამარცხვინო წარმოჩინდა „ქართული ოცნების“ ისტერიკა ამ დანიშვნასთან დაკავშირებით.
ზოგადად, არც ერთი აქაური პარტიის საქმე არ არის, ვის რა თანამდებობაზე დანიშნავს ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო უკრაინა“, – განაცხადა კახიძემ.
კახიძის განმარტებით, წარმატებას უსურვებს მეგობარ ქვეყანა უკრაინას, როგორც რეფორმების გზაზე, ისე ევროატლანტიკური მიმართულებით.
„ხოლო „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ, ჩვენი ქვეყნის ისტერესებზე მაღლა ნუ დააყენებს პოლიტიკური ოპონენტისადმი ბოღმას და გაითვალისწინოს, რომ უკრაინა და საქართველო არიან პარტნიორი ქვეყნები, არიან მეგობარი ქვეყნები და საქართველოს ინტეგრაცია ნატო-ში არის ერთ პაკეტში. ჩვენ გვყავს საერთო მტერი და ამ ინტერესებით ამოვიდნენ და არა ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.
მისი თქმით, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს.