ოთარ კახიძე - ხელისუფლება ვერც შექმნილ ვითარებას აცნობიერებს, თვალების დათხრაზე პასუხი არ არის მუხლების გადაკვალიფიცირება
ხელისუფლება ვერც შექმნილ ვითარებას აცნობიერებს, რომ თვალების დათხრაზე პასუხი არა არის მუხლების გადაკვალიფიცირება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ოთარ კახიძემ აღნიშნა, პროკურატურის მიერ დაწყებულ გამძიებას სამართალთან საერთო არაფერი აქვს.
„პროკურატურაში ეს პირველი საქმე არ არის, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაიწყო. მინდა გავახსენო საზოგადოებას ჭიკაიძის დროს საბურავების მოსალოდნელი რევოლუცია, პანიკაში რომ იყვნენ ჩავარდნილები მაიდნის შემდეგ. მეორე გამოძიება, რომელიც ეხებოდა იმას, თუ როგორ ტრიალდებოდა სახელმწიფო „რუსთავი 2“-ის ეზოში. დაკითხვებზე დაჰყავდათ პოლიტიკური ლიდერები, მეც ვესწრებოდი ერთ-ერთ დაკითხვას. იყო სრული ბოდვა და არაფერი კავშირი არ ჰქონდა სამართალთან. ახლა არის მესამე სერია.
ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ ხალხი პროტესტის გამოსახატად იყო გამოსული. ხელისუფლება ვერც შექმნილ ვითარებას ვერ აცნობიერებს, რომ თვალების დათხრაზე პასუხი არაა მუხლების გადაკვალიფიცირება. თვალების დათხრაზე პასუხია იმ პირების სამართლებრივი პასუხისგება, ვინც ეს ბრძანება გასცა და შეასრულა. ახლა საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობენ იმაზე, თუ რა მუხლით იძიებენ საქმეს. ნუ ამწვავებენ ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ ატმოსფეროს“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
როგორც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, 20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით გაგრძელდება. ამასთან, მათივე თქმით, 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების საქმეზე ბრალდებულთა რიცხვი გაიზრდება.