პროკურატურა - 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების საქმეზე ბრალდებულთა რიცხვი გაიზრდება
პროკურატურა - 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების საქმეზე ბრალდებულთა რიცხვი გაიზრდება

20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების საქმეზე უახლოეს პერიოდში ბრალდებულ პირთა რიცხვი გაიზრდება, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ინტენსიურად გრძელდება გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე.

ამ ეტაპისთვის გამოძიების პროცესში ჩატარებული დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების, მოპოვებული მტკიცებულებებისა და ათეულობით მოწმის ჩვენებების ანალიზის საფუძველზე, საგამოძიებო ორგანო მივიდა დასკვნამდე, რომ 2019 წლის 20-დან 21 ივნისის ღამეს ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება. დადგენილია, რომ სწორედ ამ განზრახვის განხორციელების პირველი ფაზა მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის იერიშით აღებას, რასაც უნდა მოჰყოლოდა შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რაც განეიტრალებული იქნა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების უშუალო ძალისხმევით. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე დაზუსტდა სამართლებრივი კვალიფიკაცია და შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გაგრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლების მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. უახლოეს პერიოდში გაიზრდება ბრალდებულ პირთა რიცხვი, რის თაობაზეც საზოგადოება იქნება პერიოდულად ინფორმირებული“, – განაცხადეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.