ოთარ კახიძე - „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არ ეთანხმებიან „მეოთხე ტალღის“ ფინალურ კანონპროექტს
სამუშაო ჯგუფში შემავალი ორი პოლიტიკური ორგანიზაცია, „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არ ეთანხმებიან წარმოდგენილ „მეოთხე ტალღის“ ფინალურ კანონპროექტს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დოკუმენტს ვერ შეაფასებს როგორც რაიმე ფორმით წინ გადადგმულ ნაბიჯს სასამართლო რეფორმის კუთხით.
„ევროპულ საქართველოს“ აქვს სამი პრინციპული საკითხი: ქულების მინიჭებისას მოხდეს დასაბუთება, რატომ მიენიჭა ქულა მოსამართლეობის კანდიდატს და არ იყოს თვითნებობა; მოსამართლის დისციპლინარულ პასუხისგებაში მიცემა. ხანდაზმულობის ვადა არის დღეს კანონით მინიჭებული ხუთი წელი, რომელსაც ამცირებენ 3 წლამდე და ქმნის საფრთხეს. რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკრეტულმა შემადგენლობამ უფლებამოსილების ვადაში ხელი დააფაროს კონკრეტულ მოსამართლეს, არ მისცეს პასუხისგებაში, მომდევნო საბჭოსაც მოუსპოს შესაძლებლობამ რეალურად გადადგას ნაბიჯები იმ მოსამართლის წინააღმდეგ, რომელიც მაგალითად კორუფციულ გარიგებაში არის მხილებული; იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან საკვალიფიკაციო გამოცდის გადატანა სკოლაში. ცნობილია საზოგადოებისთვის ის სკანდალი, როდესაც მურუსიძის ხელმძღვანელობით მუშაობდა საბჭო და ტესტების შედეგებმა გაჟონა. დღემდე გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურაში და არავითარი შედეგი არ გვაქ. კიდევ ერთი საკითხი ეხება ინდივიდუალური მოსამართლის მოსამართლის გაძლიერებას, რომ თავად შეძლონ მოსამართლის არჩევა. მიუხედავად იმისა, რომ არის გარკვეული ცვლილებები ამ საკითხების გათვალისწინების გარეშე, ვერანაირ კონსენსუსზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ და ვერც ამ დოკუმენტს შევაფასებთ როგორც რაიმე ფორმით წინ გადადგმულ ნაბიჯს სასამართლო რეფორმის კუთხით“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
დღეს აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში მიესალმებიან სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფინალურ კანონპროექტს, რომელიც ფართო კონსენსუსით მომზადდა.