ოთარ კახიძე - „ევროპულ საქართველოში“ ვრჩები, არსად მივდივარ, სტრუქტურული ცვლილებები პარტიიდან წასვლას არ ნიშნავს
„ევროპულ საქართველოში“ ვრჩები, არსად არ მივდივარ, ეს ხმები იყო რაღაც ჭორების შედეგი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარია პარტიაში განსახორციელებელ სტრუქტურულ ცვლილებებზე, რაც პარტიიდან წასვლას არ ნიშნავს. როგორც კახიძე ამბობს, „ევროპული საქართველოს“ ოფისში პარტიის წევრები სწორედ ამ და სხვა საკითხების გამო იკრიბებიან.
„თანამდებობების, სამეულის განახლებაზე ვარაფერს გეტყვით, მაგრამ არის საუბრები, რომ იყოს სტრუქტურული ცვლილებები. ეს პარტიიდან წასვლას არ ნიშნავს, ეს ნიშნავს თანამდებორივ ცვლილებებს, მაგრამ ამაზე ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. სწორედ იმიტომ ვიკრიბებით, რომ ვიმსჯელოთ ამის შესახებ და სხვა თემებზეც. ზოგადად, პარტიამ ყველა არჩევნების შემდგომ უნდა გადახედოს თავის სტრატეგიას, რამდენად სწორი იყო კამპანიის მიმართულებები, მაგრამ ეს არ ეხება, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, პარლამენტის ბოიკოტირების საკითხს. ამ კუთხით პარტიის პოზიცია უცვლელია. ჩემი აზრით, ეს არის ჯანსაღი პროცესი ნებისმიერი პარტიისთვის.
არ ვჩანვარ ტელეეკრანებზე, რადგან დავაფუძნე იურიდიული კომპანია და საკუთარი დრო მჭირდება, რომ ამ მიმართულებას მოვახმარო. ოღონდ ეს არ მიშლის ხელს, ვიყო პარტიის წევრი, „ევროპული საქართველოს წევრი“, რომელთანაც ყველაზე ახლოს ვარ ღირებულებებით.
როგორც ხედავთ, მოსული ვარ „ევროპულ საქართველოში“. ეს ხმები არის გადაჭარბებული, დასამალი არაფერი მაქვს. უბრალოდ, ფიზიკურად დროს ვერ ვუთმობ პოლიტიკურ მოღვაწეობას, რადგან მაქვს ჩემი საქმე. გააჩნია, თუ იქნება სამართლებრივი საკითხები, რომელსაც ყურადღებას მეტად ვუთობ, უფრო აქტიურად ვიქნები ჩართული. სხვა მხრივ დიდი ენრგია სჭირდება პოლიტიკურ საქმიანობას“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე: „ხომ არ იქნება ფორმალური პარტიაში მისი წევრობა“, კახიძემ განაცხადა, რომ ეს საზოგადოებას შეუძლია, შეაფასოს.
„ეგ საზოგადოებას თავად შეუძლია, რომ შეაფასოს“, – აღნიშნა ოთარ კახიძემ.