ოთარ კახიძე - დროებითი საგამოძიებო კომისია სხდომაზე ირაკლი შოთაძის დაბარებას, ხოლო მირზა სუბელიანის საპატიმროში გამოკითხვას აპირებს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია სხდომაზე ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის დაბარებას აპირებს, ხოლო მირზა სუბელიანის დაკითხვას საპატიმრო დაწესებულებაში გეგმავს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, საგამოძიებო კომისიის მდივანმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.
როგორც პირველ არხს კახიძემ განუცხადა, ხვალ, კომისიის სხდომა ქუთაისში, პარლამენტში გაიმართება, სადაც იმ ადამიანების პირველადი სია დამტკიცდება, ვინც კომისიის სხდომაზე გამოცხადდება და ახსნა-განმარტებას მისცემს.
დეპუტატის ინფორმაციით, აღნიშნულ სიაში იქნებიან პროკურორები, გამომძიებლები, არასრულწლოვნები, მოწმეები და ის ადამიანები, რომელთა ინფორმაცია ფასეული იქნება, რომ სიმართლეს ფარდა აეხადოს და ზაზა სარალიძემ საქმის რეალური ვითარება შეიტყოს.
„სია მუშავდება და ხვალ კომისიას წარედგინება. ეს საბოლოო სია არ იქნება, შეიძლება სხვა ადამიანები დაემატოს. ირაკლი შოთაძის დაბარება მოხდება, რადგან მთავარი პროკურორი იყო, საქმე რეზონანსულია, რომელზეც მას შემხებლობა ექნებოდა“, – განაცხადა კახიძემ.