ოთარ კახიძე - 130/20-ზე მოდელი ახლოს არის იმ პრინციპთან, რასაც პროპორციული წარმომადგენლობა ჰქვია
ოთარ კახიძე - 130/20-ზე მოდელი ახლოს არის იმ პრინციპთან, რასაც პროპორციული წარმომადგენლობა ჰქვია

100/50-ზე შემოთავაზებით, მესამედის მხარდაჭერის არ არსებობის შემთხვევაშიც, მთავრობის დაკომპლექტების შანსი არსებობს, რაც არასწორია. 130/20-ზე მოდელით კი, იმ პოლიტიკურ ძალას აქვს საშუალება, განაცხადოს პრეტენზია ქვეყნის მართვაზე, რომელსაც არა 27 პროცენტი, 45 პროცენტთან ახლოს მხარდაჭერა გააჩნია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

კახიძე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა მეხუთე რაუნდის მოლაპარაკების დროს ოპოზიციის წინადადება სწორედ 130/20-ზე. კახიძის განმარტებით, ოპოზიციურ გაერთიანებაში გადაწყვეტილების მიღებამდე, არ სურს, დეპუტატების კონკრეტული რაოდენობა დაასახელოს.

კახიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით მხოლოდ ამოსავალ პრინციპზე შეუძლია, ისაუბროს.

„მე არ მინდა, დავასახელო დეპუტატების კონკრეტული რაოდენობა. ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიციური გაერთიანება ერთობლივად, „ევროპული საქართველოს“ სახელით რაოდენობას ვერ დავასახელებ, გეუბნებით პრინციპს, რაც არის ამოსავალი. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, 100/50-ზე შემოთავაზებით, მესამედის მხარდაჭერა როცა არ გაქვს, მაშინ თეორიულად მთავრობის დაკომპლექტების შანსი გეძლევა, რაც არის ფუნდამენტურად არასწორი. რაც შეეხება უფრო გაზრდილ რაოდენობას, ანუ მაჟორიტარების შემცირება და პროპორციულად არჩეული დეპუტატების რაოდენობის ზრდა, 130/20-ზე მაგალითად ახლოს არის იმ პრინციპთან, რასაც პროპორციული წარმომადგენლობა ჰქვია, უკვე საშუალებას იძლევა, როცა 45 პროცენტთან ახლოს არის მხარდაჭერა, არა 27 პროცენტი, არამედ 45-თთან ახლოს, კრიზის გარეშე პირველ ადგილზე გასულმა ძალამ, რომელსაც მაჟორიტარებიც მოგებული აქვს, განაცხადოს პრეტენზია ქვეყნის მართვაზე, ეს არ წარმოქმნის შემდეგ გართულებებს“ ,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

კახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ არის მიუღებელი ოპოზიციისთვის ხელისუფლების შეთავაზება 100/50-ზე.

„ხელისუფლებამ შემოგვთავაზა 100/50-ზე მოდელი. მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმრავლესობას შეადგენს 76 დეპუტატი. თეორიულად 27-პროცენტიანი მხარდაჭერითაც კი, მესამედიც რომ არ გიჭერს მხარს, 10-დან შვიდი ამომრჩეველი როცა შენი წინააღმდეგია, ხელისუფლების შემოთავაზებული მოდელით, შეიძლება თეორიულად მთავრობა დააკომპლექტოს მაინც პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ, რაც არის ძალიან პრობლემური საკითხი. არ ვეთანხმებით „ევროპული საქართველო“ და მთლიანად ოპოზიციური სპექტრი ამ მოდელს, რადგან არ შეიძლება, მთავრობის დაკომლექტებაზე გქონდეს პრეტენზია, როდესაც მხარს გიჭერს 27 პროცენტი. რაც შეეხება სხვა მოდელებს, თუნდაც მაჟორიტარების და პროპორციულად არჩეული დეპუტატების რაოდენობა რომ იყოს შეცვლილი, არა 100/50-ზე, არამედ ვთქვათ 130/20-ზე, ამ შემთხვევაში იმისთვის, რომ მთავრობა დააკომპლექტოს რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, სჭირდება დაახლოებით 45-პროცენტიანი მხარდაჭერა მაინც. 45 პროცენტიანი მხარდაჭერა არის იმ რაოდენის მხარდაჭერა, რომელიც შესაძლებელს ხდის იმის თქმას, რომ მანდატი აქვს პირველ ადგილზე გასულ პოლიტიკურ ძალას. 27-პროცენტიანი მხარდაჭერით ეს მანდატი ვერ იქნება გამოხატული. ამიტომ ეს ვარიანტი ახლოს არის, არ მინდა, წინასწარ ვისაუბრო, რადგან ოპოზიციური შეკრება როდესაც გაიმართება, ჩვენ კონსენსუსზე ვაფუძნებთ გადაწყვეტილებებს და თამაშის წესებზე ვთანხმდებით.

შემხვედრი წინადადება, რომელიც ახლოს იქნება მთავარ პრინციპთან, რომ ერთმანეთთან იყოს ახლოს ხალხის მხარდაჭერა და არჩეული დეპუტაცია, ნებისმიერ ამგვარ წინადადებაზე ვართ ღია, შევთავაზებთ კიდევ სხვადასხვა კომპრომისულ ვარიანტებს. ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა ქუჩის საპროტესტო აქციები, ლეგიტიმური მწვავე აქციები“ ,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებებს აწარმოებს და გამორიცხული არ არის, მმართველ გუნდს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შუალედური კომპრომისული ვარიანტი შესთავზოს.