ოთარ იოსელიანი - ქვემეხებს რუსეთიდან საქართველოს ესვრიან და არა პირიქით
ოთარ იოსელიანი - ქვემეხებს რუსეთიდან საქართველოს ესვრიან და არა პირიქით

ქვემეხებს რუსეთიდან საქართველოს ესვრიან და არა პირიქით, – ასე პასუხობს BBC-ის ჟურნალისტის კითხვას ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი.

მისივე თქმით, აფხაზეთის ომის რუსეთმა დაგეგმა.

„აფხაზეთის ომი რუსეთი მიერ იყო დაგეგმილი. აფხაზეთი იყო სამთავრო, ეს საქართველოს ძველი სახელწოდებაა. ეს არის სამთავრო, რომელიც სტალინმა აქცია ავტონომიურ რესპუბლიკად, ხოლო ოსეთი ავტონომიურ ოლქად, ეს სამაჩაბლოს სამთავრო იყო. სოჭიც ჩვენს ცალკეულ შთამომავლებს ეკუთვნოდათ. ეს ორჯონიკიძემ აჩუქა სოჭი რუსეთს. თუ რუსეთს მიაქვს ყირიმი, მაშინ დაგვიბრუნეთ სოჭი“, – განაცხადა ოთარ იოსელიანმა.

ამავე ინტერვიუში ჟურნალისტი ოთარ იოსელიანს სტალინის მიმართ მისი დამოკიდებულების შესახებ ეკითხება, რაზეც რეჟისორი პასუხობს, რომ „სტალინმა რეალურად ომი წააგო“.

„სტალინი იყო ადამიანი, რომელსაც რაღაცის გაკეთება სურდა, რაღაცის მიღწევა სურდა. არ გამოვიდა. ალბათ მას სურდა, რომ მსოლფლიო რევოლუცია მოეწყო და რომ მთელი მსოფლიო საბჭოთა ყოფილიყო. მაგრამ არ გამოუვიდა. ამიტომ მან დახარჯა კოლოსალური რაოდენობის ადამიანური რესურსი და ომი წააგო. არანაირი გამარჯვება არ ყოფილა. ჩვენ ამერიკელებისა და ინგლისელების გარეშე ვერაფრით გავიმარჯვებდით, მაგრამ ჟუკოვმა იმდენი თანამემამულე დახოცა, რომ გაფიქრებაც კი მზარავს“, – ამბობს იოსელიანი BBC-სთან ინტერვიუში.

ჟურნალისტი ქართველ რეჟისორს საბჭოთა პერიოდის ცენზურაზე ეკითხება, რაზეც იოსელიანი პასუხობს, რომ ხელოვნებას პოლიტიკური მიზანი არ უნდა ჰქონდეს.

„კრიტიკა არ არის ხელოვნების საგანი. როგორც კი თქვენ იღებთ იმას, რაც მოგწონთ და თქვენში აღფრთოვანებას იწვევს, რაც არსებობს როგორც ბუნებრივი ადამიანური კონფლიქტი, მაშინ ეს უცილობლად გადაიქცევა მისწრაფებად, დაინახო, თუ როგორ შეიძლება გათავისუფლდე ადამიანური სიბინძურისგან. ეს ყველა ქვეყანას ეხება. ბოლშევიზმი არ არის ამ სიბინძურის მონოპოლისტი. კაპიტალიზმს იმდენი სიბინძურე ახლავს, რომლებიც ისე აწვება ადამიანებს, რომ ამ მხრივ კაპიტალზმს კომუნიზმთან კონკურენციაც შეუძლია“, – განაცხადა იოსელიანმა.