ოთარ ფარცხალაძისა და მიხეილ ჩოხელის ბრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა
ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, მიხეილ ჩოხელის ბრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
სხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებობების საკითხზე იმსჯელეს.
სხდომის დასრულების შემდეგ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ ბრალს არ აღიარებს და კლუბ „ელცენტროში“ მომხდარი თავად ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას მიერ პროვოცირებული იყო.
„არ ვაღიარებთ ბრალს, ნასვამი თორდიას მხრიდან იყო პროვოკაცია“, – განაცხადა ოთარ ფარცხალაძემ.
რაც შეეხება სასამართლო სხდომას, ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, რომლებიც, მათი განცხადებით, ადასტურებს ჩოხელისა და ფარცხალაძის ბრალეულობას. დაცვის მხარემ კი ამ მტკიცებულებათა ნაწილი სადაოდ მიიჩნია, თუმცა მოსამართლემ აღნიშნა, რომ არ არსებობს სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის საფუძველი. შესაბამისად, საქმე არსებით განხილვას გადაეცა, რომელიც 7 თებერვალს გაიმართება.