ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმეზე წინასასამართლო სხდომა დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო
ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმეზე წინასასამართლო სხდომა, რომელიც დღეს იყო ჩანიშნული, დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო.
როგორც პირველ არხს ფარცხალაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განუცხადა, ის დამატებით მტკიცებულებებს აგროვებს და შუამდგომლობაც სხდომის გადადების მოთხოვნით, ამ მოტივით შეიტანა სასამართლოში.
წინასასამართლო სხდომა თებერვლის დასაწყისში ჩატარდება. ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ყოფილი მთავარი აუდიტორის ლაშა თორდიას საქმეზე ხუთი ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
მას ბრალი პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცემას გულისხმობს. როგორც ცნობილია, ფარცხალაძე ბრალს არ აღიარებს.