ოთარ ფარცხალაძის საქმეზე სასამართლო პროცესი მოწმეთა ჩვენებებით 28 მაისს გაგრძელდება
ყოფილი მთავარი პროკურორისა და „ლუკოილის“ დირექტორის მოადგილის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე სასამართლო პროცესი მოწმეთა ჩვენებებით 28 მაისს გაგრძელდება.
ოთარ ფარცხალაძემ სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.
როგორც პროკურორმა, ნუგზარ ჭიტაძემ განაცხადა, ღამის კლუბ „ელ ცენტროში“ საქართველოს გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას დაპირისპირების საქმეზე, სადაც ბრალდებულები არიან ოთარ ფარცხალაძე და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი მიხეილ ჩოხელი, დღეს მხარეებმა შესავალი სიტყვები წარადგინეს.
პროკურორის თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით აუცილებლად დადასტურდება ოთარ ფარცხალაძისა და მიხეილ ჩოხელის მხრიდან ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.
„მტკიცებულებები საქმეზე გახლავთ ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ასევე მოწმეების ჩვენებები, სადაც დაპირისპირებაზე საუბრობენ და ეტაპობრივად მოხდება ამ მტკიცებულებების გამოკვლევა. ვიდეოჩანაწერში ასახულია ფაქტი, როგორ ხდება დაპირისპირება მათ შორის. რაც შეეხება მოტივს, დაპირისპირება გამოწვეული იყო კლუბში შელაპარაკების ნიადაგზე“, – განაცხადა პროკურორმა.
ამასთან, ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და წარდგენილი ბრალდება დაუსაბუთებელია.
„ფაქტია, რომ სახელმწიფო ბრალდებამ დაუსაბუთებლად, მაგრამ მაინც წარადგინა ბრალი კონკრეტულ შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს სასამართლოს სამართლიანობის იმედი. ღია საჯარო სხდომაზე მოხდება მტკიცებულებების გამოკვლევა და თავად დარწმუნდებით, რომ წარდგენილი ბრალდება დაუსაბუთებელი და აბსურდულია. არაერთი წარმოდგენილი მტკიცებულება გვაქვს უდავოდ ცნობილი, მათ შორის არამარტო ლაშა თორდიას ჩვენება, ასევე სხვა მტკიცებულებებიც. ეს მოხდა დაცვის მხარის სტრატეგიიდან გამომდინარე. არ ვთვლით, რომ გარკვეული სახის გამოკვლევა იყო საჭირო, ამიტომ ნაწილი მტკიცებულებების უდავოდ გახდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა მოხდეს არსებული მასალების სამართლებრივად შეფასება, თითოეულ ჩვენებს მიეცემა შეფასება“, – განაცხადა ადვოკატმა.
გამოძიება ოთარ ფარცხალაძეს ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემას ედავება. მას 5 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. მას ბრალი პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცემას გულისხმობს. ასევე ამ საქმეზე ბრალდებულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი მიხეილ ჩოხელი.