ოთარ დანელია - განსაკუთრებით მკაცრი უნდა ვიყოთ, როდესაც საქმე საბავშვო კვებას ეხება
დღეს არსებული ბიზნეს-ოპერატორების რაოდენობიდან გამომდინარე, სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაახლოებით, სამჯერ მეტი თანამშრომელი უნდა ჰყავდეს, მეტი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ არეალი სრულფასოვნად მოიცვას, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ასევე პრობლემაა სუბიექტები, რომლებიც სურსათის რეალიზაციას ეწევიან და ბიზნეს-ოპერატორებად არ არიან დარეგისტრირებული.
„ეს უკვე აღარ არის სურსათის უვნებლობის საკითხი. ეს მუნიციპალური საკითხია და პროცესში აბსოლუტურად სხვა მეთოდების ჩართვას საჭიროებს. ეს არის პრობლემა და ის მოსაგვარებელია. ამას ემატება ჩვენს ქვეყანაში მსყიდველობით უნართან დაკავშირებული მოცემულობები; ამას ემატება ისიც, რომ ბაზარი მაინც ძირითადი სავაჭრო ობიექტია, სადაც ყველა დადის და ხშირ შემთხვევაში, მათ შორის რეგიონებში, საკმაოდ მოწყვლადია ის ფენა, რომელიც ხელმისაწვდომობის ნაწილში მხოლოდ ბაზარს პოულობს“, – განაცხადა დანელიამ.
როგორც დანელიამ აღნიშნა, სურსათის ეროვნული სააგენტო მხოლოდ სურსათის უვნებლობა არ არის, ეს არის ვეტერინარია, მცენარეთა დაცვა და შესაბამისად, მათ საკმაოდ დიდი ფრონტი აქვთ გადასაფარი.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს, ისინი 1/3 რესურსით მუშაობენ. დღეს არსებული ბიზნეს-ოპერატორების რაოდენობიდან გამომდინარე, სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაახლოებით, სამჯერ მეტი თანამშრომელი უნდა ჰყავდეს და შესაბამისად, მეტი ინფრასტრუქტურა, მეტი სატრანსპორტო საშუალება, მეტი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ არეალი სრულფასოვნად მოიცვას“, – განაცხადა დანელიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა უახლოეს პერიოდში სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის რესურსის გაზრდას, ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენა უკვე იყო, იყო კომუნიკაცია მინისტრთანაც და კომპეტენციიდან გამომდინარე, პარლამენტის აგრარული კომიტეტი ამ პროცესის შუამდგომელი იქნება იმ დოზითა და ფორმით, რამდენადაც ეს მინისტრსა და სამინისტროს დასჭირდება.
მისივე თქმით, კონკრეტული პრობლემების შესწავლისას ხშირ შემთხვევაში აღქმულია, რომ საჯარიმო სანქციები, რომელიც დღეს კანონით არის გათვალისწინებული, ბიზნეს-ოპერატორის ხარჯია.
„გადაიხდის იმ 1000 ლარს და გააგრძელებს თავის „ბიზნესს“. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ამ ყველა თემასთან ძალიან სისტემურად, კომპლექსურად მიდგომა. უბრალოდ, განსაკუთრებით მკაცრი უნდა ვიყოთ, როდესაც საქმე საბავშვო კვებას ეხება. ამ მხრივ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ძალიან ბევრი ღონისძიება გაატარა“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.