ოთარ ანგურიძე UNICEF-ის კვლევაზე - მთავრობის ნაბიჯებს, რომლებიც მოსახლეობისთვის პანდემიით გამოწვეულ სიმძიმეს ამსუბუქებს, პოზიტიურად აფასებენ საერთაშორისო ორგანიზაციები
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ორგანიზაცია, როგორიც UNICEF-ია საქართველოში მიმდინარე პროცესებს დადებითად აფასებს, განსაკუთრებით სიღარიბის შემცირების კუთხით, – ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ოთარ ანგურიძემ საქართველოში სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის შესახებ კვლევის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა, რომელიც საქართველოს მთავრობამ და გაერო-ს ბავშვთა ფონდმა ერთობლივად წარადგინა.
მან ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ იმ დახმარების პაკეტებს, რომლებსაც მთავრობა პერიოდულად სთავაზობს მოსახლეობას.
„პოსტპანდემიურ სიტუაციაში, ძალიან ბევრ ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდა და რეკრუტული მაჩვენებლით კვლავ განაგრძობს ეს ციფრი ზრდას. თუმცა, მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, რომლებმაც გარკვეულწილად, პანდემიის მიერ გამოწვეული სიმძიმის, სირთულის შემსუბუქება გამოიწვია მოსახლეობისადმი, არის ძალიან პოზიტიური. ამას ძალიან კარგად აღიქვამენ და აფასებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, იმ დახმარების პაკეტებს, რომლებსაც მთავრობა პერიოდულად სთავაზობს ჩვენს მოსახლეობას. ძალიან პოზიტიურია ის, რომ UNICEF-ის მიერ შეთავაზებული იყო 50 ლარიანი დახმარება ბავშვებზე, თუმცა მთავრობამ 200 ლარიანი დახმარება განახორციელა. ეს იმაზე 4-ჯერ უფრო მეტია, რაც საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან იყო შეთავაზებული. ბუნებრივია, რომ ამან გამოიწვია უფრო მეტი ეფექტი ჩვენს მოსახლეობაზე და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც იყო შესაბამისი, უფრო პოზიტიური შეფასებები. პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, საქართველოს მაგალითი იყო ძალიან წარმატებულ მსოფლიო რუკაზე. პრაქტიკულად, მთელს რეგიონში, ჩვენ ვართ ერთადერთი მწვანე ქვეყანა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩამოვიდეს, თავისუფლად დაისვენოს, მას შემდეგ, რაც საზღვრები სრულად იქნება გახსნილი. ის ნაბიჯები, რომელიც ეხებოდა შეზღუდვას, კარანტინს და ა.შ. ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში, პოზიტიური შედეგი გამოიღო“, – აღნიშნა ოთარ ანგურიძემ.