ორწლიანი პაუზის შემდეგ, მიუნხენში ლუდის ფესტივალი „ოქტობერფესტი“ დაიწყო
კორონავირუსის პანდემიის გამო, ორწლიანი პაუზის შემდეგ, გერმანიის ქალაქ მიუნხენში რიგით 187-ე „ოქტობერფესტი“ დაიწყო. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ფესტივალზე მისულ სტუმრებს არ მოეთხოვებათ დაიცვან რაიმე ანტიკოვიდური შეზღუდვა, თუმცა ფესტივალის ორგანიზატორებმა ვიზიტორებს მაინც მოუწოდეს, გამოიჩინონ წინდახედულობა და სიფრთხილე.
გავრცელებული ინფორმაციით, ფესტივალის პირველ დღეს სტუმრების ნაკლებობა შეიმჩნევა, რაზეც ორგანიზატორების ცნობით, მიუნხენში არსებულმა ცივმა და წვიმიანმა ამინდმა იქონია გავლენა. თუმცა, როგორც მედია წერს, ვიზიტორების ნაკლებობის მიზეზი, შესაძლოა, მომატებული ფასები იყოს. მიმდინარე წელს, ლიტრიანი ლუდის ფასი 16 %-ით არის გაზრდილი.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, ყოველწლიურად ტურისტები დაახლოებით ერთ მილიარდ ევროს ხარჯავენ ფესტივალზე. ამ თანხაში შედის არა მხოლოდ ლუდსა და ძეხვეულში გადახდილი თანხა, არამედ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სასტუმროებში, ტაქსებსა და სუვენირებში დახარჯული ფულიც.
ლუდის ფესტივალი მიუნხენში 3 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ბავარიის პრემიერ-მინისტრის, მარკუს სოდერის განცხადებით, „ოქტობერფესტი“ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხური ფესტივალია.