ორსულობისას კოვიდგადატანილი ქალის მიერ გაჩენილ ბავშვს, ინფექციისგან დამცავი ანტისხეულები აღმოაჩნდა — #1tvმეცნიერება
როდესაც სელინ ენგ-ჩანი 10 კვირის ორსული იყო, COVID-19-ის დიაგნოზი დაუსვეს. მაშინ, მარტში, ბევრი არაფერი იყო ცნობილი იმის შესახებ, რა გავლენას ახდენდა კორონავირუსი ორსულ ქალებზე და ნაყოფზე.
ნოემბრის დასაწყისში, სინგაპურლმა კერძო მასწავლებემლა სელინ ენგ-ჩანმა ვაჟი გააჩინა. საკმაოდ კარგი მიზეზის გამო, ის და კიდევ ერთი ქალი, რომელსაც COVID-19 ორსულობის დროს შეხვდა, ახლა მედიის ყურადღების ცენტრში მოექცნენ.
საქმე ის არის, რომ მისი ვაჟი, ოლდრინი COVID-19-ისგან თავისუფალია და როგორც ჩანს, დედის ავადმყოფობის შემდეგ დამცავი ანტისხეულები, სულ მცირე დროებით, მასაც დარჩა. დაბადებისას ბავშვს COVID-19 არ დადასტურებია. ამის შესახებ ენგ-ჩანმა გამოცემა Straits Times-ს განუცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ ფეხმძიმობის ყველაზე არასტაბილურ, ადრეულ ეტაპზე COVID-19-ის დიაგნოზი დამისვეს, ორსულობამ და მშობიარობამ კარგად ჩაიარა. ბედნიერი ვარ, რომ შემეძინა ოლდრინი და ის სრულიად ჯანმრთელია. ვგრძნობ, რომ ჩემი COVID-19 მოგზაურობა ბოლოსდაბოლოს დასრულდა“, — ამბობს სელინ ენგ-ჩანი.
პედიატრისა და ნეონატოლოგის, Aeroflow Breastpumps-ის სამედიცინო დირექტორის, დოქტორ ჯესიკა მედენის განცხადებით, მისი ამბავი მხარს უჭერს კვლევებს, რომელთა მიხედვითაც, ორსულობის დროს დედისგან შვილზე COVID-19-ის გადადება უიშვიათესია და ბავშვები, რომლებიც კოვიდგადატანილმა ქალებმა გააჩინეს, გარკვეულწილად დაცული არიან.
COVID-19-ის ანტისხეულთა გარკვეული ნაწილი პლაცენტას გაივლის
რამდენიმე კვლევა მიუთითებს, რომ კოვიდდადებით ორსულებში გამოჯანმრთელების მიმანიშნებელი, IgG ტიპის ანტისხეულები ვირუსის წინააღმდეგ საშვილოსნოში, ნაყოფთან გადადის.
მაგალითად, მარტში მშობიარობის მომენტში კოვიდდადებით ექვს ქალზე ჩატარებული კვლევა იუწყებოდა, რომ ხუთ ბავშვს COVID-19 არ აღენიშნებოდა და ჰქონდათ IgG ანტისხეულების მომატებული დონე. ყველა ქალი ატარებდა ნიღაბს, იმშობიარეს საკეისრო კვეთით, უარყოფითი წნევის მქონე იზოლირებულ ოთახებში და ბავშვი გაჩენისთანავე განარიდეს; თუმცა, უფრო ახალი კვლევები მიუთითებს, რომ ასეთი რამ საჭირო არ არის.
ოქტომბერში დაფიქსირდა კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც COVID-19-ის უსიმპტომო პაციენტი ორსულის მიერ გაჩენილ ბავშვს ჰქონდა IgG ანტისხეულები, მაგრამ არ ჰქონდა COVID-19. კვლევის ავტორთა განცხადებით, ეს შემთხვევები წარმოაჩენს „პასიურ იმუნიტეტს“ პლაცენტის გავლით.
მედენის განცხადებით, ასეთი რამ გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო, რადგან როგორც ცნობილია, სხვა ბაქტერიებისა და ვირუსების საწინააღმდეგო IgG ანტისხეულები ნაყოფსა და ახალშობილებს ინფექციური დაავადებებისგან იცავს.
„სწორედ ამიტომ არის ორსულობის დროს რეკომენდებული ზოგიერთი ვაქცინის, მაგალითად, ყივანახველისა და გრიპის ვაქცინების გაკეთება. ორსულობის ბოლო ეტაპზე ნაყოფში IgG ანტისხეულების რაოდენობა იზრდება, განსაკუთრებით 36 კვირის შემდეგ“, — ამბობს ჯესიკა მედენი.
მიუხედავად ამისა, უფრო მეტი კვლევაა საჭირო იმის გასარკვევად, რამდენად ახდენს ანტისხეულების დონეზე გავლენას დაავადების სიმწვავე, რა როლს თამაშობს ორსულობის დროს ინფექციის ხანგრძლივობა, რამდენად ძლიერი და ხანგრძლივია ახალშობილთა სავარაუდო იმუნურობა.
ჩინეთის ქალაქ უხანში ჩატარებული ერთი კვლევის მიხედვით, რომელშიც 25 კოვიდდადებითი ორსული მონაწილეობდა, ახალშობილთა ყოველგვარი იმუნურობა მალე მიილევა.
მედანის თქმით, ასევე უცნობია, უზრუნველყოფს თუ არა ნაყოფს IgG იმუნიტეტით ორსულობამდე COVID-19-ის გადატანა.
ანტისხეულების საგრძნობი რაოდენობაა დედის რძეშიც
მიჩნეულია, რომ ბავშვებს გარკვეულ თავდაცვას სთავაზობს იმ დედების რძეც, რომლებმაც COVID-19 ბოლო დროს გადაიტანეს. სექტემბერში ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც ჯერ რეცენზირებული არ არის, აჩვენა, რომ დედის რძის 37 ნიმუშიდან ვირუსი არც ერთში არ დაფიქსირდა, მაგრამ ყველა მათგანში აღმოჩნდა COVID-19-ის გამანეიტრალებელი ანტისხეულები.
მთლად გასაკვირი ესეც არ არის, რადგან ცნობილია, რომ დედის რძის ზოგიერთი ანტისხეული ჩვილებს სხვადასხვა დაავადებისგან იცავს, მათ შორის წითელასგან იმ ასაკში, როდესაც მათი აცრა ამ ვირუსზე ჯერ არ შეიძლება. ძუძუთი კვება ასევე დაკავშირებულია ისეთი დაავადებების დაბალ რისკთან, როგორებიც არის დიაბეტი, ასთმა, უეცარი გარდაცვალების სინდრომი და კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი დაავადება.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.