COVID-19-ის ანტისხეულები აღმოაჩნდათ ბავშვებს, რომელთა ტესტებიც მუდმივად უარყოფით შედეგს აჩვენებდა — უცნაური შემთხვევა ავსტრალიაში #1tvმეცნიერება
COVID-19-ის ანტისხეულები აღმოაჩნდათ ბავშვებს, რომელთა ტესტებიც მუდმივად უარყოფით შედეგს აჩვენებდა — უცნაური შემთხვევა ავსტრალიაში #1tvმეცნიერება

კორონავირუსის პანდემიის დაწყების ადრეული დღეებიდანვე მეცნიერებმა შენიშნეს, რომ COVID-19-ის მიმართ ბავშვები ნაკლებად მგრძნობიარენი არიან, მაგრამ ამის ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია.

ავსტრალიაში ახლახან დაფიქსირებულმა უჩვეულო შემთხვევამ შეიძლება, ამ საიდუმლოს შესახებ უნიკალური ცნობები მოგვაწოდოს. შემთხვევა ქალაქ მელბურნში, ახალგაზრდა ოჯახში მოხდა.

ხუთსულიან ოჯახში COVID-19-ით მშობლები დაინფიცირდნენ, მას შემდეგ, რაც ქორწილში იმყოფებოდნენ ბავშვების გარეშე. სიმპტომები სახლში დაბრუნებიდან მესამე დღეს გამოუვლინდათ.

თავისდაუნებურად, მათ ვირუსი SARS-CoV-2 სახლში მიიტანეს და ინფიცირების საფრთხე ბავშვებსაც შეუქმნეს.

მას შემდეგ, რაც ორივე მშობელს სიმპტომები გამოუვლინდა, მათ შორის ხველა, ცხვირის გაჭედვა, სიცხე და თავის ტკივილი, ვირუსზე მთელი ოჯახი გატესტეს. მშობლების პასუხი დადებითი აღმოჩნდა, ბავშვების კი უარყოფითი.

„გაოგნებული დავრჩით, მთელი კვირა-ნახევარი ერთად გავატარეთ ისე, რომ ჩვენ კოვიდდადებითები ვიყავით“, — უთხრა ABC News-ს ბავშვების მშობელმა ლეილა სავენკომ.

თუმცა, ყველაზე გასაოცარი რამ ჯერ მაინც წინ იყო.

ჯანდაცვის მუშაკებმა ოჯახს ტესტის ხელახლა ჩატარება შესთავაზა, მაგრამ ბავშვების შედეგი SARS-CoV-2-ხე (ახალი კორონავირუსი, რომელი COVID-19-ს იწვევს) კვლავ უარყოფითი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის ორ ბიჭს (9 და 7 წლის) მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდა.

ოჯახის ყველაზე პატარა, 5 წლის გოგონა მთელი ამ დროის განმავლობაში უსიმპტომო იყო, მიუხედავად იმისა, რომ მას მშობლების საწოლში ხშირად ეძინა, როდესაც ისინი ავად იყვნენ.

ინფიცირებულ მშობლებთან ასე ახლო კონტაქტში მყოფი ბავშვების უარყოფითი შედეგებით დაინტრიგებულმა მკვლევრებმა ოჯახს კვლევაში მონაწილეობა სთხოვეს, რისთვისაც მათ სისხლის, ნერწყვის, განავლისა და შარდის ნიმუშები აუღეს, ასევე ყოველ ორ-სამ დღეში ერთხელ უღებდნენ ცხვირისა და ყელის ნაცხს.

მკვლევართა გასაკვირად, რამდენიმე განმეორებითი PCR ტესტის შედეგებმა ბავშვებში SARS-CoV-2-ისადმი სულ უარყოფითი პასუხი აჩვენა, მაგრამ მკვლევრებმა SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩინეს ოჯახის ყველა წევრის ნერწყვში და დეტალურ სეროლოგიურ ტესტირებაში.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბავშვებს ვირუსის დადებითი შედეგი არასოდეს დაუფიქსირდათ, მაგრამ ვირუსისადმი გარკვეული დონის ექსპოზიციამ მათში მაინც აღძრა იმუნური პასუხი, რაც როგორც ჩანს, ინფექციასთან ბრძოლისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

„ყველაზე პატარა ბავშვს, რომელიც სრულიად უსიმპტომო იყო, ანტისხეულების პასუხი ყველაზე ძლიერი ჰქონდა“, — ამბობს ავსტრალიის მერდოკის ბავშვთა კვლევის ინსტიტუტის იმუნოლოგი მელანი ნილანდი.

საბედნიეროდ, ოჯახის ყველა ინფიცირებული წევრი გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დახმარება არ დასჭირდათ.

ბავშვების იმუნური პასუხის მიღმა არსებული მექანიზმი ჯერ სრულად ცნობილი არ არის, მაგრამ იმის გარკვევა, თუ როგორ და რატომ გააქტიურდა მათი იმუნური პასუხი (ვირუსის დადასტურებული შემთხვევის გარეშე), ალბათ ძალიან ბევრს და უფრო ფართოდ გვეტყვის ბავშვების მგრძნობელობაზე COVID-19-ისადმი.

„ეს კვლევა ბავშვთა იმუნურ სისტემაში ჩაღრმავების ერთგვარი პირველი ნაბიჯია, რათა დავადგინოთ, რა კომპონენტები შეიძლება პასუხობდეს ვირუსს“, — ამბობს კვლევის ავტორი, მელბურნის უნივერსიტეტის პედიატრი შიდან ტოსფილი.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ბავშვებმა ვირუსი ისე ჩააცხრეს, რომ დადებითი შედეგიც კ არ დაუფიქსირდათ, მეტყველებს მათი იმუნური სისტემის გარკვეულ დონეზე, რომელსაც ვირუსთან შეპასუხება და გამკლავება ეფექტიანად შეუძლია, ბავშვების ავად გახდომის გარეშეც კი.

მკვლევრები ფიქრობენ, რომ სინამდვილეში, ბავშვები ვირუსით დაინფიცირდნენ, მაგრამ მათმა იმუნურმა სისტემამ როგორღაც შეძლო ანტივირუსული პასუხი, რომელიც ძლიერ ეფექტიანი აღმოჩნდა ვირუსის გამრავლების შესაზღუდად, მათი მშობლებისგან განსხვავებით.

ეს იმუნური პასუხი კი იმდენად ეფექტიანი იყო და იმდენად უნდა შეემცირებინა ვირუსის შემცველობა, რომ მისი დაფიქსირება PCR ტესტმაც ვეღარ შეძლო; მკვლევართა ჯგუფის აზრით, ეს საკითხი უკვე პრობლემაა და დამატებით კვლევებს საჭიროებს.

„მიუხედავად აშკარა იმუნური პასუხისა, შეუსაბამობა ვირუსოლოგიურ PCR შედეგებსა და კლინიკურ სეროლოგიურ ტესტირებას შორის, წარმოაჩენს, რომ ყელ-ცხვირის PCR-ისა და ამჟამინდელი სეროლოგიური დიაგნოსტიკს მგრძნობელობა ბავშვებში შეზღუდულია“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ABC News-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.