ორი ქართველი მესაზღვრე, რომლებიც დაღესტნის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, უკვე ლაგოდეხში ჩაფრინდნენ.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, მესაზღვრეები საქართველოს ტერიტორიაზე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჩავიდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე დაღესტნის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 27 ივნისს აღმოჩნდა. უწყების ცნობით, მესაზღვრეები, გეგმური დავალების შესაბამისად, საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მორიგი დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად გავიდნენ.
„გარკვეული დროის განმავლობაში მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა, რის შემდეგაც დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება. პარალელურად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ დადგინდა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ“,- აცხადებენ სამინისტროში. შსს-ს ცნობით, მესაზღვრეების დაბრუნების შემდეგ, ქართული მხარე განახორციელებს ინციდენტის დეტალურ გამოკვლევას და ყველა შესაბამის პროცედურას.