ორი მსჯავრდებულის მიმართ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, გამამართლებელი განაჩენი დადგა
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილებები მიიღო, რის საფუძველზეც დაზარალებულ ემზარ ბასილაიას უკანონოდ ჩამორთმეული ორი ავტომანქანა დაუბრუნდება, ხოლო ორი მსჯავრდებულის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
დეპარტამენტის შუამდგომლობით, 2018 წლის 5 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულების – ლაშა წურწუმიას და ალიკო ხარჩილავას მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. შპს ,,ოდაბადეს“ წარმომადგენლები – ლაშა წურწუმია და ალიკო ხარჩილავა ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტმა მითვისების ბრალდებით 2005 წლის ნოემბერში დააკავა.
„მათ თითქოსდა, საქართველოს რკინიგზა შეიყვანეს შეცდომაში და მიწოდებული საქონლის ღირებულება ნაცვლად ლარისა მიიღეს აშშ დოლარში, რითაც მიაყენეს 34 960 ლარის ზიანი. სინამდვილეში, საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებმა დამალეს აშშ დოლარში დაფიქსირებული სატენდერო წინადადება და საგამოძიებო სამსახურს მიაწოდეს ყალბი ინფორმაცია, რაც გახდა საფუძველი ლაშა წურწუმიას და ალიკო ხარჩილავას უკანონო დაპატიმრების“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამართალდამცავების გადაწყვეტილებით, ლაშა წურწუმია და ალიკო ხარჩილავა მხოლოდ მას შემდეგ გათავისუფლდნენ პატიმრობიდან, როცა არარსებული ზიანი დაფარეს და ჯარიმის სახით თითოეულმა მათგანმა 30 000 ლარი გადაიხადა.
„თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები და ახალგამოვლენილი გარემოებები და ორივე მსჯავრდებული უდანაშაულოდ ცნო.
ლაშა წურწუმიასთან და ალიკო ხარჩილავასთან ერთად, ამ დროისთვის დეპარტამენტს სულ 54 უკანონოდ გასამართლებული მსჯავრდებულის მიმართ აქვს განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიღებული, საიდანაც 18 მათგანის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
ამასთან, დეპარტამენტმა გახსნა ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტი. 2010 წლის აპრილში შსს ძველი თბილისის პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე დაკავებული ჰყავდათ მოქალაქე გ.ბ., რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
პროკურატურის ინფორმაციით, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დაკავებულის მამას ემზარ ბასილაიას ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, უკანონოდ მოსთხოვა და შეასყიდინა მთლიანობაში 182 000 ლარის ღირებულების „ტოიოტა ლენდკრუიზერი LC200“ და „ჰიუნდაი IX 55“, რომლებიც ჩუქების გზით სახელმწიფოს გადაეცა. მხოლოდ ამის შემდეგ გ.ბ-სთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით სასჯელზე.
„ჩვენს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, დაზარალებულ მოქალაქეს დაუბრუნდება უკანონოდ ჩამორთმეული ორივე ავტომანქანა.
რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ იმსჯელებს მის მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე“, – აღნიშნავს პროკურატურა.
ამ დროისთვის, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად, დაზარალებულად ცნობილ 151 მოქალაქეს დაუბრუნდა დაახლოებით 44 მილიონი ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის ავტომანქანები, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, სასტუმრო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ.