ორი მოზარდის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, ერთი არასრულწლოვანი პოლიციაში იმყოფება
31 იანვარს მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ერთი არასრულწლოვანი თბილისში, გაგარინის მოედანზე პოლიციის შენობაში იმყოფება.
როგორც ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ პირველ არხს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან მას პოლიცია არ უშვებს.
ადვოკატის განცხადებით, მას არ განუმარტეს მიზეზები, თუ რატომ არ აძლევენ არასრულწლოვანი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების საშუალებას.
როგორც ჩინჩალაძე აცხადებს, არასრულწლოვანი შესაძლოა, მოწმის სტატუსით ჰყავდეთ პოლიციაში.
მონაწილეობდა თუ არა კონფლიქტში აღნიშნული პირი, ამის შესახებ ინფორმაცია უფლებადამცველს არ აქვს.
თუმცა როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი ორი დაჭრილი მოზარდის ახლობლები პირად საუბრებში ამბობენ, პოლიციის შენობაში მყოფი მოზარდი დაჭრილების მეგობარია.
31 იანვარს დაჭრილი ორივე მოზარდი თბილისის 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა. როგორც სკოლის დირექტორმა მიხეილ ჩიკვილაძემ განაცხადა, შემთხვევა საბურთალოზე, წითელი ბაღის ტერიტორიაზე მოხდა.
ორივე დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, დაჭრილი მოზარდების მდგომარეობა სტაბილურია და ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.