ორგანიზაცია „სირცხვილია“ ორმა წევრმა დატოვა
ორგანიზაცია „სირცხვილია“ ორმა წევრმა დატოვა

ორგანიზაცია „სირცხვილია“ ორმა წევრმა დატოვა. მათ „ქრონიკასთან“ განცხადება გააკეთეს და „სირცხვილიადან“ წასვლის მიზეზები განმარტეს.

როგორც ორგანიზაციის უკვე ყოფილი წევრები ამბობენ, მიიღეს მითითებები, რომ საარჩევნო პროცესისთვის ხელი შეეშალათ.

„სრულიად კარგად ჰქონდათ დალაგებული გეგმა, როგორ ჩაეშალათ არჩევნები. გვეუბნებოდნენ, რომ ხალხისთვის, რომელიც ოპოზიციას დაუჭერდა მხარს, ჩვენ ანალოგიურად მხარი უნდა დაგვეჭირა, თუმცა ხალხზე, რომელიც მათ მხარს არ დაუჭერდა, უამრავი საჩივარი უნდა დაგვეწერა და ასე გაგრძელებულიყო მთელი დღე. დაგვირეკავდნენ და ანალოგიურად უნდა გაგრძელებულიყო მთელი დღე, ანალოგიურ რაღაცებს გვეტყოდნენ, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა შეგვესრულებინა. თუ მოვიდოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დარწმუნებული არ იყვნენ თავიანთ გადაწყვეტილებაში, ვისთვის მიეცათ ხმა, უნდა გვერჩია, რომ ოპოზიციისთვის დაეჭირათ მხარი. მათი სურვილი იყო, არჩევნებს მშვიდად არ ჩაევლო და ეს დღე სრულიად არეულიყო“, – განაცხადა მარიამ მჭედლიძემ.

ორგანიზაციის კიდევ ერთი წევრის, გიორგი პაქსაშვილის თქმით, არ სურდა, მანიპულაციისთვის ხელი შეეწყო.

„მინდოდა, ობიექტურად ხალხის ხმები დამეცვა, მაგრამ სულ სხვა რეალობა დამხვდა. როდესაც მივედი არჩევნებზე, მაძლევდნენ მითითებას, რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაგვეწერა, მაქსიმალურად ხელი შეგვეშალა არჩევნების პროცესში. ბეიჯი მოვიხსენი, წამოვედი. არ მინდოდა, მათი მანიპულაციისთვის ხელი შემეწყო და დავტოვე საარჩევნო უბანი“, – აღნიშნა გიორგი პაქსაშვილმა.